ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის შეცნობა
ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას სიმართლით ეშინოდა მათგან? არა, ძმანო ჩემნო. იგი იყო კაცი მართალი და აღვსებული ქველისმოქმედებითა. მისი ცხოვრების აღწერაში არ არის ხსენებული, რომ მას ექმნას რომელიმე მძიმე ცოდვა. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? რისთვის ეშინოდა საქმეთა მისთა ამ მართალს კაცს?
ვგონებ, ძმაო ჩემო, შიში იობისა გაჩნდებოდა მით, რომელ იგი ღრმად გაშინჯავდა და სიმართლით ასწონიდა ყოველთა თვისთა საქმეთა. სჩანს, რომ იგი არ იყო უდები, უზრუნველი და დაუდევნელი სულიერისა შინა ცხოვრებასა, სჩანს, რომ ხშირად ფიქრობდა თვისთა საქმეთა ზედა, ხშირად გაიკითხავდა თავის თავს. უთუოდ, რომ იგი ესრეთ იტყოდა თავის გულში: მართალია მე ვსცდილობ და მრავალს ქველის საქმეს ვასრულებ, გარნა ეს მისთვის, რომ ღმერთმა მომცა აღურაცხველი სიმდიდრე: რა დიდი რამ არის, რომ ესოდენისა სიმდიდრისაგან მივსცე რომელიმე შემწეობა ჩემთა მოყვასთა? გარნა როდესაც გამოვიკვლევ ჩემი გულის მდგომარეობას, ვპოვებ მუნ მრავალთა ცუდთა მიდრეკილებათა, ვხედავ, რომ თუ ღმერთს არ გავენათლებინე და ღმერთს შემწეობა არ მოეცა, ჩემით მარადის ვიქმნებოდი ცოდვილი.
აჰა, ძმაო, ერთი კეთილი და აღმაშენებელი მაგალითი თქვენთვის. თუ ესრეთი მართალი და ქველისმოქმედი კაცი მარადის განიკითხავდა თავის თავსა და გაზომავდა თვისთა საქმეთა, ჩვენ უმეტესად გვმართებს გაშინჯვა და გამოკვლევა ცხოვრებისა ჩვენისა; თუ მას ეშინოდა თვისთა საქმეთაგან, ჩვენ უმეტესად უნდა გვეშინოდეს ჩვენისა ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ისიც დაუმატე, ძმაო, რომელ იობი იყო ძველის სჯულისა კაცი, და მისგან ღმერთი არ მოითხოვდა ესოდენსა სიწმინდესა და სიმართლესა, როგორითაც ჩვენგან, რომელნი ვართ ახალის სჯულისა, რომელთა ღმერთმა მოგვცა უმეტესი მადლი და უმეტესსა მოგვთხოვს სიწმიდესა და სათნოებასა.