ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სასუფეველი
იქნება ვინმემ მითხრას: ვის შეუძლია მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცს აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს და თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვასა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩინოს? – სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, სიტყვისაებრ მაცხოვრისა, ემსგავსება კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებდა კეთილთა მარგალიტთა და ჰპოვა რა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წარვიდა, გაჰყიდა ყოველი, რაიცა ჰქონდა და იყიდა მარგალიტი იგი. გირჩევნია შენც ესრეთ მოიქცე: სხვა ყოველი დაივიწყო და დაჰკარგო და შეიძინო ერთი მხოლოდ ესე, სასუფეველი ღვთისა. გარნა მაცხოვარი ამასაც არ მოითხოვს შენგან: არა ყოველს კაცს შეუძლიან დატევება სოფლისა, გარნა ყოველ კაცს შეუძლიან, რომ სოფელსა შინა იყოს, სოფლის საქმეს არ დასტოვებდეს და მაინც აღასრულოს მცნება ესე უფლისა.