ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარყოფა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“ (მარკ. 8.34). სოფელსა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას ესმის ესრეთი მცნება იესო ქრისტესი; გარნა თავის უარის ყოფა არის ისრეთი მიუცილებელი პირობა, რომელ თვინიერ მისა არამცა თუ შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ შეიძლება, არამედ არცა ერთი ამ სოფლის სასარგებლო და კეთილი საქმე არ აღსრულდება.