ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სახარების კითხვა
წმიდათა მამათა ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდნენ თითოსა ანუ ორ–ორსა თავსა და მით გააცხოველებდნენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და კითხულობდე მარადდღე, არამედ კვირაში ერთხელ რომ მოხვალ საყდარში, იქაც ყურადღებით არ ისმენ მოკლე სახარების კითხვასა. სახარებაში არის, ძმაო, იესო ქრისტეს სული, სიყვარული და მადლი. სახარების კითხვას ესოდენი მადლი და მოქმედება აქვს კაცის გულზე, რომ ხშირად თვით ურწმუნონი, განდრეკილნი და ქრისტეს წინააღმდეგნი კაცნი რომ წაიკითხვენ, იძულებულნი, უნებლიეთ აღიარებენ, რომელი იგი სწორედ არის სიტყვა ღვთისა და არა კაცისა, და თუ ესრეთი მოქმედება აქვს სახარებას გულთა ზედა თვით ურწმუნოთა კაცთასა, წარმოიდგინე რა მადლი და სარგებლობა მიეცემა კაცსა, რომელი სარწმუნოებითა და სასოებითა იწყებს კითხვასა მისსა. ამისთვის თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სული ქრისტესი მიეახლოს სულსა შენსა, ხშირად წაიკითხავდე სახარებასა ქრისტესსა.