ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სასუფეველი
რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მაშინ ამ სოფლის ცხოვრებაც გაუადვილდება მას და შეიქმნება უჯობესი? დიდი და მიუცილებელი კავშირი არის, ძმანო, ორთა ამა საგანთა შორის: პირველად, ეს უეჭველია, და ყოველმან კაცმან იცის, რომელ კაცის ამ ქვეყანაზედ კმაყოფილება და კეთილმდგომარეობა დამოკიდებული არს თვით მის ჭკუაზედ, შრომაზედ და მეცადინეობაზედ; გარნა კაცის შრომა და მეცადინეობა არაოდეს არ იქმნება ნაყოფიერ და სასარგებლო, უკეთუ იმ კაცს არა აქვს გულში ღვთის სასუფეველი, ესე იგი არა აქვს დამშვიდებული, კეთილი და მართალი ხასიათი. გარეგანი წარმატება და ნაყოფიერება კაცის შრომისა ყოველთვის დამოკიდებული არის შინაგანსა მისსა თვისებასა ზედა. კაცის ბედნირების დამარღვეველი მიზეზი არის ცოდვა, ვნება, უსამართლობა. როგორ შეიძლება, რომ ის კაცი იყოს წარმატებული და ბედნიერი, რომელსაც თვითონაც ცუდი ხასიათი აქვს და ჰსცხოვრებს კაცთა შორის, ცუდის ხასიათისა მექონეთა?