image

თემა: წუწუნი

ძლივს შეიძლება მოპოება ქვეყანაზედ ისეთი კაცისა, რომელიც არ დრტვინვიდეს, არ სტიროდეს, არ სჩიოდეს თვის ხვედრზედ, ანუ მდგომარეობაზედ. ყოველიფრით კმაყოფილი და მადლიერი ღმერთზედ კაცი თითქმის არ იპოვება ქვეყანაზედ. დრტვინვით, უკმაყოფილებით ვერაფერს ვერ გაასწორებს კაცი. მარადის მოწყენილი, მარადის მდრტვინველი კაცი თავის თავს თითქმის განგებ აუბედურებს. ჭკუიანი, კეთილგონიერი კაცი, მართლაც რომ ცუდ მდგომარეობაში იყოს, შეუძლია თავის დაწყნარებულს კეთილს სულში მოიპოვოს მრავალი ნუგეში და კეთილი აზრი.ნამდვილი მწუხარება და უბედურება გადიდდება და დამძიმდება წუხილით და დრტვინვით; ხოლო დამცირდება და გაჰქრება, თუ კაცი სულგრძელია და მომთმენი. გარნა სუყველაზე უარესი და საშინელი ის არის, რომ კაცი მდრტვინველი, უკმაყოფილო, ადვილად დაჰკარგავს საუკუნო ცხოვრებას და ნეტარებასაც. ეს მისთვის, რომ იმას შეუმცირდება სარწმუნოება, დააკლდება სასოება, კარგად ვერ ილოცავს, ღვთის სიყვარული აღარა აქვს, ყოველი მოყვასი ეძაგება. რა განკურნავს ამ სენს? განჰკურნავს მხოლოდ სახარება, ქრისტე იესოს სჯული. იგი გვასწავლის ჩვენ, რომ ღმერთი არის მამა ჩვენი. თუ შენ ღმერთი ცხოვლად გწამს და გახსოვს, რომ იგი არის შენი ზეციერი მამა, ეს განკურნავს ყოველს შენსა მწუხარებასა, მისთვის, რომ ადვილად მოითმენ ყოველს აქაურს მწუხარებას, რადგანაც მოელი, სასოება გაქვს მიიღო ზეციერი, დაუსრულებელი ნუგეში და ბედნიერება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები