
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ერთობა
წმინდა მოციქული პავლე გვაჩვენებს საფუძველსა და მიზეზსა ჩვენისა ერთობისასა. იგი გვეტყვის, რომ ჩვენ ყოველნი ბუნებიდგანვე ვართ ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა წარმომდინარენი ერთისა კაცისაგან; და ეს ბუნებით ერთობა არის განტკიცებული ერთობითა მადლისათა, ვინაიდგან ჩვენ ყოველნი ვართ ჩინებულნი, ანუ წოდებულნი ერთითა სასოებითა: „ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქვენისათა“. გარდა ამისა, და უმეტესად ამისა, ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი უფალი, მიგვიღია ერთი სარწმუნოება ნათლისღებითა: „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“. ბოლოს, რომელიც არის უდიდესი ყოვლისა – ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი ღმერთი და ზეციერი მამა: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს, და ყოველთა მიერ, და ჩვენ ყოველთა შორის“.