ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ანტიქრისტე
471. როგორი იქნება ანტიქრისტე?
ჭეშმარიტად ყოვლადგახრწნილი დედაკაცისაგან იშვება იგი. მოვა ყოვლადსაძაგელი როგორც მპარავი, ყველას საცდუნებლად, მოვა როგორც მორჩილი და მშვიდი. ილაპარაკებს სიცრუეს, რომ თითქოს სძაგს კერპები და უმჯობესად მიიჩნევს ღვთისმოშიშებას. გამოჩნდება ეს ჩვენი მტერი კეთილად, გლახაკთშემწყნარებლად. ექნება კარგი გარეგნობა და იქნება ყველასადმი გულთბილი. ყველაზე მეტ პატივს იუდეველებს მიაგებს, რადგან ისინი მოელიან მის მოსვლას. აღასრულებს დიდ სასწაულებს, ცბიერებით აამებს ყველას, ვიდრე არ გაბატონდება. ხოლო, როცა გამეფდება, რისხვით ზარგანხდის სამ დიდ ხელმწიფეს... ამოანთხევს ნაღველს ის ურჩხული. წარმოჩნდება როგორც გულფიცხი, პირქუში, მრისხანე. ეცდება კაცთა მოდგმის უწმინდურების მორევში ჩათრევას. შემოიღებს ცრუსწავლებებს. გამოხმობს ზღვიდან კუნძულებს, მაგრამ ამას თვალთმაქცობით აღასრულებს, მოჩვენებითად.