ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: წყევლა
845. რას გვეტყვით წყევლის შესახებ?
ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა, ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა. ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქმის ყველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმიდა გიორგიმ და სხვა მისთანები. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ... მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღმერთის სახელისა, უმეტესად კი – წყევლა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მდევართა თქვენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქვენნი. მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვინმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც იგი არ უნდა დაწყევლო.