ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დღესასწაული
946. როგორ უნდა აღასრულებდნენ ქრისტიანები საეკლესიო დღესასწაულებს?
ესაია წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით კიცხავდა ებრაელებს უსჯულოების გამო და ეუბნებოდა: „მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა“. რატომ გაურისხდა ღმერთი ებრაელებს იმდენად, რომ მათი დღესასწაულები და უქმენი მოიძულა? იმიტომ, რომ მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არაა შეერთებული, ღმრთისთვის სათნო არაა. ახლა გავიხსენოთ, როგორ ვატარებთ ჩვენ სადღესასწაულო დღეებს: ტაძარში ხალხის მხოლოდ რაღაც ნაწილი მიდის, ისიც უმრავლესობა მცირე ხნით, დანარჩენ დროს ქეიფსა და დროსტარებას ანდომებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი არც ამას დასჯერდა და ეკლესიისაგან დადგენილ დღეებს რაღაც მოგონილი დღსასწაულებიც დაამატა, რომლის დროსაც გაუთავებელი ლხინი და ქეიფი იმართება. ღმერთი ქრისტიანებისაგან უფრო მეტ სიწმინდეს და კრძალულებას მოითხოვს, ვიდრე ებრაელებისაგან მოითხოვდა. ამიტომ, თუ დღესასწაულებს უაზრო და უზომო სმა–ჭამაში გავატარებთ, ჩვენი დღესასწაულები და უქმენი უფრო მეტად არ მოსძულდება? რადგან დღსასწაულებზე არა სწავლა და მადლი, არამედ ცოდვა და ბრალი გვემატება, საშიშია საყვედური, რომელიც ღმერთმა ესაიას პირით ებრაელებს გამოუცხადა.