image

თემა: სახარების განმარტება,  რწმენა

385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამიხსენი ეს ყველაფერი.
ძმაო, მოსაწყენია მასთან საუბარი, ვინც მოვლენების მიმდევრობას ვერ სწვდება. ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა უგონო მდგომარეობაში იყვნენ: ერთი შეშლილი იყო, ხოლო მეორე ძლიერი ავადმყოფი და ამიტომ, ისინი ვერ დაეხმარებოდნენ იმათ, ვინც მათთვის ლოცულობდა. განრღვეულმა კი, ირწმუნა რა სხეულის განკურნება, მეუფის კაცთმოყვარებით, უფრო მეტი მიიღო. ადამიანებს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ხანაში, მისი მოვლინება რომ ერწმუნათ, სასწაულები თავიდან იმათი შეწევნის გარეშეც ხდებოდა, ვისზეც ისინი ვრცელდებოდა, და ისინი ყოველგვარი პირედი მცდელობის გარეშე იკურნებოდნენ, რათა წინასწარმეტყველის სიტყვა აღსრულებულიყო: "მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთნა".(ის.53,4; მათე8,18). ასე, რომ, მისი მადლით, უდანაშაულო ადამიანები იკურნებოდნენ და მათ შემდგომში მხოლოდ საკუთარი თავის გაფრთხილებას სთხოვდნენ და არა შეწევნას, მისი სიტყვისამებრ: "აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაითმე გეყოს შენ"(იოანე5,14). და კიდე თავად მასზე ამბობს იოანე: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი"(ინ.1,29). ჩასწვდი რას ამბობს ის: სოფლისანი. ხოლო ვინც არ ირწმუნა ის, არ განიკურნა, და მათზე წერილის სიტყვა სრულდება: "უკუეთუ ურწმუნო იგი განეყენებოდის, განეყენენ"(1კორ.7,15). მოციქულებს კი ურთიერთშეწევნის ლოცვებით განკურნების და ცოდვათა მიტევების ხელმწიფება რომ მიანიჭა, დაე ამაში თავად იაკობმა დაგარწმუნოს, რომელმაც მიიღო რა ასეთი ხელმწიფება, თქვა: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად."(იაკ.5,16) თავად მაცხოვრის დროს კი სხვაგვარად იყო: ისინი, რომლებიც მას აღიარებდნენ, გადარჩნენ და განიკურნენ, ხოლო რომლებმაც არ მიიღეს და უკუაგდეს-დაიღუპნენ. ამრიგად რწმენაში გავძლიერდეთ და გადავრჩებით ღვთის სახელით, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები