ღირსი იოანე კუკუზელი

მოიხსენიება 1 ოქტომბერს (ახალი სტილით: 14 ოქტომბერს)
ღირსი იოანე კუკუზელი დირახიაში (ბულგარეთი) დაიბადა და სიყრმეშივე დაობლდა. იგი, უფლისგან მშვენიერი ხმით დაჯილდოებული, კონსტანტინოპოლის სამეფო კართან არსებულ სკოლაში ჩაირიცხა. საოცარი ნიჭის წყალობით მან იმპერატორ იოანე კომნენოსის (1118-1143) კეთილგანწყობა დაიმსახურა და კარის პირველი მომღერალი გახდა; მაგრამ სასახლის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა ღვთისმოყვარე ჭაბუკს, ის შინაგანად განდეგილ ცხოვრებაზე ოცნებობდა, ეძებდა მოძღვარს და შესაფერის დროს. ამ დროს, ღვთის ნებით, იოანეს შეხვდა კონსტანტინოპოლში თავისი სავანის საქმეებზე ჩასული ათონელი იღუმენი. ნეტარმა მას თავისი განზრახვა გაუმხილა და თან გაჰყვა წმიდა მთაზე. აქ წმიდა მამა ბერად აღკვეცეს და მორჩილების საქმედ მონასტრის ნახირის მწყემსვა დაუწესეს. იოანე ათონის უდაბნოებში ღრმად შედენიდა ხოლმე საქონელს, აქ, განმარტოებაში ღვთის განგებულებაზე ფიქრობდა და გალობით განადიდებდა უფალს. თავმდაბლობის გამო იოანე თავის სამოქალაქო მდგომარეობასა და ნიჭს არ უმხელდა იღუმენს. მაგრამ ღვთის განგებით, იღუმენისთვის ცნობილი გახდა ყველაფერი, მას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, რომელსაც შეეძლო ეპოვა თავისი რჩეული და წმიდა მთიდან გაებრუნებინა, ამიტომ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, მოუთხრო მეფეს მისი ყოფილი ქვეშევრდომის შესახებ და სთხოვა, ახალგაზრდა ბერისთვის არჩეულ საცხოვნებელ გზაზე სვლა არ დაეშალა.

ამ დროიდან მოყოლებული იოანე კუკუზელი კვირადღეებსა და სხვა დღესასწაულებზე ტაძარში გალობდა. გულმოდგინე ღვაწლისათვის იგი თავად ღვთისმშობლის დიდი მოწყალების ღირსი შეიქმნა: ერთხელ, ყოვლადწმიდა ქალწულის ხატის წინ დაუჯდომლის გალობის შემდეგ, იოანეს სიზმრისეული ჩვენებით თავად ზეციური დედოფალი გამოეცხადა და უთხრა: "იგალობე და ნუ დადუმდები. მე არასოდეს განგეშორები".

წმიდა იოანემ წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, გამოემშვიდობა ძმებს და ითხოვა, მის მიერვე აგებულ მთავარ-ანგელოზების ტაძარში დაეკრძალათ.