ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: -მე მთავარანგელოზი გაბრიელი ვარ, შენთან უფალმა მომავლინა. -მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა, - მიუგო ბერმა. როგორც კი ბერის ეს სიმდაბლე იხილა, ეშმაკი მაშინვე გაუჩინარდა.
რა საშინელება, რა სასოწარკვეთილება ელის რჯულისგარდამავალს, რომელიც ჯიუტობს და ცოდვისადმი თავის მიდრეკილების დაძლევა არ სურს, როდესაც საღმრთო ხმა მას აუწყებს, რომ სულ მალე მართალი მსაჯულის წინაშე წარსდგება, რომელიც მას საქმეთა მიხედვით მიაგებს.
ოდესღაც ერთმა ეგვიპტელმა განდეგილმა მიამბო: - როცა ჩემს გულში სიკვდილის ხსოვნა განმტკიცდა, ერთხელ თავს ნება მივეცი, რომ ჩემი ტვირთმძიმე ხორცისთვის ნუგეში მეცა, მაშინ სიკვდილის ხსოვნამ, როგორც მსაჯულმა, ამიკრძალა ეს და რაც ყველაზე საოცარია, თუმცა მინდოდა უკუმეგდო იგი მაგრამ ვერ შევძელი.