თემა: განკითხვა,  მრუშობა,  სიძვა

"არა განიკითხოთ..." ერთხელ წმიდა ვიტალი, რომელმაც თავისი დარიგებებითა და სათნო ცხოვრებით მრავალი მეძავი პატიოსანი ცხოვრებისკენ მოაქცია, გამთენიისას სამეძავო სახლიდან გამოდიოდა. მას შემოხვდა ახალგაზრდა, რომელიც შესაცოდად მეძავებთან მიდიოდა. ახალგაზრდამ წმიდა ვიტალის ყვირიმალში სილა გააწნა და უთხრა:
    -როდემდე უნდა იყო უნანელი და იცხოვრო უწმინდური ცხოვრებით?
    -მერწმუნე, - უთხრა ღირსმა მამამ, - ისეთ დარტყმას მიიღებ ყვირიმალში, რომ შენს კვნესაზე მთელი ალექსანდრია შეიკრიბება.
    რამდენიმე დღის შემდეგ ღირსი მამა სენაკში ჩაიკეტა და მხურვალე ლოცვას მიეცა, რის შემდგომაც აღესრულა. სწორედ ამ დროს ახალგაზრდამ ყვირიმალში სილა მიიღო და მასში დემონები ჩასახლდნენ. ის ტანზე სამოსელს იხევდა და ისეთი საშინელი ხმით ყვიროდა, რომ მთელი ალექსანდრია შეიკრიბა. როდესაც ახალგაზრდა გონს მოვიდა, ღირსი მამის სენაკისკენ გაემართა და შესთხოვა:
    შემიწყალე მე, მონავ ღვთისა, რამეთუ ფრიად შევცოდე წინაშე შენსა.
    როდესაც განიკურნა, ყველაფერი იქ შეკრებილებს უამბო. ხალხი წმიდა ვიტალის სენაკისკენ დაიძრა. როდესაც კარი გახსნეს, წმიდანი შუაგულ სენაკში მუხლმოდრეკილი იხილეს, თითქოს ლოცვაზე იდგა, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. წმიდანს ხელში ეჭირა ქარტია, სადაც ეწერა:
    -ალექსანდრიელნო! ნუ განიკითხავთ დროზე ადრე, სანამ არ მოვა ყველას განმკითხველი უფალი!
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები