თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


ფრინველი და ოთხფეხი წმინდანის სამსახურში.

ერთხელ ღამით წმინდა ანტონს, რომელიც მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა, უფალმა გამოუცხადა, რომ ეგვიპტის უდაბნოს მეორე ბოლოში ცხოვრობდა განდეგილი, რომელიც მას უნდა მოენახულებინა. ოთხმოცდაათი წლის ბერი გზას გაუდგა.
     უდაბნოში მოგზაურობა მეტად რთულია: მზე აჭერს, წყალი არ არის, მხოლოდ ქარი ატრიალებს გავარვარებულ ქვიშას. ბერს წინ აფთარი მიუძღოდა, რომელიც გზას უჩეენებდა. მან წმინდანი გამოქვაბულთან მიიყვანა, რომლის შესასვლელსაც პალმა ფარავდა.
    ანტონი ნახევრად ბნელ გამოქვაბულში შევიდა და იქ ძლივს დაინახა მლოცველი ადამიანი. ეს იყო ღირსი პავლე თებაიდელი. ღირსი მამები გადაეხვიენენ ერთმანეთს.
    უცებ სასწაული მოხდა - მათ ფეხებთან ყვავი დაფრინდა, მას ნისკარტით პური ეჭირა.
    -უფალმა ტრაპეზი გამოგვიგზავნა, - თქვა წმიდა პავლემ, - ყოველდღე მისგან ნახევარ პურს ვიღებ, დღეს კი შენი მობრძანების გამო მან მთელი პური გამოგვიგზავნა.
    ტრაპეზის შემდეგ პავლემ მეგობარს უთხრა, რომ მალე მოკვდება და რომ ის უფლისგან მის დასამარხად არის მოვლენილი.
    წმიდა ანტონი გამოვიდა გამოქვაბულიდან, მწარედ იტირა და ლოცვა დაიწყო. ის უფალს ევედრებოდა, არ წაეყვანა განდეგილი ბერი. ლოცვის დროს მას ჩვენება ჰქონდა: არაჩვეულებრივად მკვეთრი სინათლე, ანგელოზთა გალობა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სახება და ღირსი პავლე მათ შორის. წმიდა ანტონი გამოქვაბულში დაბრუნდა და ნახა, რომ ღირსი პავლე უკვე მიიცვალა.
     მთელი ღამე ტიროდა და ლოცულობდა ანტონი პავლეს ცხედართან. გათენდა, სამარხის გათხრის დრო მოვიდა. მაგრამ წმინდანს არ ჰქონდა ნიჩაბი, მიწა - ხრიოკი და უხეში იყო. მონასტრამდე კი სამი დღის სავალი იყო. უცებ წმინდანის წინ გაჩნდა ორი ლომი. ეს ლომები მრავალი წლის მანძილზე მეგობრობდნენ ღირს პავლესთან. თავდაპირველად ანტონი შეშინდა, მაგრამ როდესაც იხილა, როგორ მოიდრიკეს თავები წმინდანის ფეხებთან ლომებმა, ადიდა უფალი. ლომებმა ბასრი ბრჭყალებით დაიწყეს საფლავის თხრა და როდესაც გათხარეს, კვლავ მიეახლნენ წმინდანს, თითქოს ემშვიდობებოდნენო, თავისებურად დაიტირეს იგი. შემდეგ მივიდნენ წმინდა ანტონთან და ხელები აულოკეს.
    -უფალო, შენი ნების გარეშე ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება ხიდან, აკურთხე ეს ცხოველები შენი ნებისამებრს, - თქვა ანტონმა.
    როდესაც ცხოველები თვალს მიეფარნენ, წმიდა ანტონმა დაკრძალა წმიდა პავლე
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები