თემა: სინანული,  ღალატი,  ღვთისათვის თავგანწირვა


წმიდა იაკობის სინანული.

წმინდა იაკობი წარმოშობით სპარსი იყო, ქრისტიანი დედ-მამის შვილი, რომლებმაც ღვთისმოშიშებით აღზარდეს და ქრისტიან ქალზეც დაქორწინდა. ის მეფის კარის დიდებული გახლდათ და ვალდებული იყო, რომელიღაც გზაზე მეფეს თან ხლებოდა. რამდენადაც ხელმწიფისთვის ხელსაყრელი გარემოებები შემოხვდათ, სპარსეთის მეფე ისტიგერდმა გადაწყვიტა, თავისი სამშობლოს ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირა. იაკობი, როგორც მეფესთან დაახლოებული დიდებული, მხოლოდ რიტუალის გულგრილი მაყურებელი ვერ დარჩებოდა, თანაც ისე, რომ საკუთარი რწმენა არ გაემჟღავნებინა და კერპებს მუხლი მოუყარა.
    როდესაც მისმა დედამ და მეუღლემ მისი ამ საქციელის შესახებ შეიტყეს, შეძრწუნდნენ და დაუყოვნებლივ გაუგზავნეს შემდეგი შინაარსის წერილი: „ბედკრულო! ადამიანის საამებლად რატო უარყავი ღმერთი, ზეციური მეუფე? დროებით ცხოვრებას აამე და მარადიული, უკვდავი ცხოვრება დაიღუპე? ჭეშმარიტება სიცრუეში გაცვალე? ჩვენ ვტირით და ვქვითინებთ, რომ შენ მუხლი მოუყარე კერპებს და ქრისტე მაცხოვრის მკვლელებს მიემსგავსე, რომლებიც დასცინოდნენ ღვთაებრივ ვნებულს, მის წინ მუხლს იყრიდნენ და, იმავდროულად, ყვირიმალში ურტყამდნენ. გაფიცებთ, დაუბრუნდი სამყაროს შუამდგომელსა და გამომხსნელს და ამით აირიდებ თავიდან შურისმგებელი ღვთის მრისხანებასა და სიბრაზეს! მაგრამ თუ შენ, სიჯიუტით ან სიმორცხვის გამო არ შეწყვეტ კერპებისთვის შენი გულის მსხვერპლად შეწირვას, მაშ, იცოდე, უღირსო ძეო და მეუღლევ, რომ ჩვენ შენთვის აღარ ვიქნებით ის, რაც ადრე ვიყავით: შენი დანახვაც კი აღარ შეგვიძლია. ოდესმე მწარედ ინანებ, მაგრამ გვიან იქნება“.
    მეუღლისა და დედის ამ წერილის წაკითხვაზე იაკობი შეშფოთდა, ღრმად ჩაფიქრდა და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.
    -ვაიმე! - ნაღვლიანად თქვა მან, - თუ დედაჩემი და ჩემი მეუღლე ასე გამიუცხოვდებიან, რა მეშველება მომავალ ცხოვრებაში, როდესაც უფალი მობრძანდება ცოცხალთა და მკვდართა გასაკითხად და თითოეულს მიაგებს საქმეთა მათთაებრ?
    მან ხელმეორედ წაიკითხა მათი წერილი და წამოიძახა:
    -გზააბნეულო! ევედრე შენს გამომხსნელს, რათა მოგიტევოს შენი საშინელი ცოდვა! ევედრე! ის მოწყალეა და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ სიხარულით მიიღებს სინანულს.
    იმ დროიდან წმინდა იაკობი დღედაღამ, მაცხოვრის ჯვარცმის წინ გართხმული ტიროდა და ქვითინებდა; შემუსვრილი გულის ეს სინანული გრძელდებოდა მანამ, სანამ ეს ზოგიერთმა უწმინდურმა არ იხილა. მათ ქრისტიანთა მდევნელ მეფესთან დაასმინეს და მართალმა მოწამის გვირგვინი მიიღო.
    აი, ჭეშმარიტი სინანულის მაგალითი! წმიდა იაკობი დედასა და მეუღლეს დაემორჩილა, ამა სოფლის სიამენი უარყო და კვლავ კერპების თაყვანისცემას სიკვდილი ამჯობინა. ჩვენ კი ყოველდღიურად გვესმის უფლის წინამორბედის სიტყვები: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" - მუდამ ყურებში ვატარებთ, ზოგჯერ ვევედრებით კიდევაც, მაგრამ ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ვეძლევით ამაო და ცოდვიან ცხოვრებას. ჩვენ ყოველწლიურად ვაღიარებთ ღვთის წინაშე შეცოდებებს; მაგრამ რისთვის ვაკეთებთ ამას? ალბათ, უმეტესწილად, მხოლოდ ჩვეულებით, ხშირად კი მხოლოდ და მხოლოდ იძულების გამო
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები