ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

მოწამე თეოდორა ალექსანდრიელი

მოიხსენიება 11 სექტემბერს (ახალი სტილით: 24 სექტემბერს)
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს. მათ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით წმიდა თეოდორა საშინელ ცოდვაში ჩავარდა. ჭაბუკმა, რომელსაც ძალიან მოსწონდა თეოდორა, ერთი ცრუ და მლიქვნელი დედაკაცის დახმარებით შეძლო მისი ცდუნება. თეოდორამ უღალატა მეუღლეს და, როცა "განსრულდა ცოდვაჲ იგი", მხოლოდ მაშინ გულისხმაყო, "რაჲ-იგი შეამთხჳა სულსა თჳსსა"; გამთენიისას დედათა მონასტერს მიაშურა და დაუფარავად აღიარა თავისი ცოდვა. ამის შემდეგ, ყოვლადმოწყალე ღმერთის მსასოებელმა გადაწყვიტა, მონაზვნური ღვაწლით, ლოცვითა და მარხვით განეწმინდა შებილწული სული. მან ფარულად დატოვა ოჯახი, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მამათა მონასტერს მიადგა, რადგან ეშინოდა, დედათა მონასტერში ქმარს არ მიეკვლია მისთვის. იღუმენმა, მოსულის სიმტკიცე რომ გამოეცადა, სავანის ეზოშიც არ შეუშვა ნეტარი. თეოდორამ კარგად უწყოდა, რომ ამ უდაბურ ადგილას მხეცები მრავლად იქნებოდა, მაგრამ უდრტვინველად დარჩა ბჭეებთან ღამის სათევად. უფალმაც უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. დილით წმიდანი ფეხებში ჩაუვარდა იღუმენს, ალექსანდრიელ თეოდორედ წარუდგა და საძმოში მიღება სთხოვა: "სინანულად და ტირილად მოსრულ ვარ ცოდვათა ჩემთათჳს". იღუმენიც დარწმუნდა მის გულწრფელობაში და დათანხმდა.
გამოცდილ ბერებსაც კი აკვირვებდა თეოდორას ფიცხელი ღვაწლი, მორჩილება და მოთმინება: იგი გულმოდგინედ რწყავდა ნარგავებს, ფქვავდა ხორბალს, აცხობდა პურს, საზრდელს ამზადებდა ძმებისთვის... ღამით კი, მუხლმოყრილი, მხურვალედ ლოცულობდა და უფლისგან ცოდვათა მიტევებას ითხოვდა. ერთხელ წმიდანი ალექსანდრიაში გაგზავნეს ხორბლის საყიდლად. ქალაქიდან გამობრუნებულ თეოდორას შემოაღამდა, წინამძღვრის კურთხევით, აქლემები ენატოსის სავანის სასტუმროში დააბინავა, თვითონაც იქ დარჩა და აქლემების გვერდით მიიძინა. როცა ყველამ დაიძინა, წმიდანს მისი სილამაზით მოხიბლული, მონასტერში სტუმრად მყოფი იღუმენის ასული მიეახლა და შესთავაზა: "ჭაბუკო, განისუენე ჩემ თანა!" როცა პასუხად უარი მიიღო, განხურვებულმა, სხვა სტუმართან შესცოდა.
ექვსი თვის შემდეგ იღუმენმა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო, ასულმა კი მაცდუნებლად თეოდორე მონაზონი დაასახელა. მამამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იმ სავანის წინამძღვარს, სადაც ნეტარი დედა მოსაგრეობდა; ამ უკანასკნელმა კი თეოდორას აუწყა, რაც ედებოდა ბრალად. "შემინდვე, მამაო, რამეთუ მე არა მიც საქმე ესევითარსა ზედა", - უპასუხა წმიდანმა და წინამძღვარმაც, რომელიც კარგად იცნობდა სულიერ შვილს, უსიტყვოდ ირწმუნა მისი ნათქვამი. როცა მეძავმა ჩვილი შვა, ენატოსელმა ბერებმა იგი მიიყვანეს იმ მონასტერში, სადაც თეოდორა ცხოვრობდა და ძმებს არაწმიდა ცხოვრებისათვის ყვედრება დაუწყეს. ამჟამად თავად იღუმენმაც ცილისწამება სიმართლედ ჩათვალა და საშინლად განრისხდა წმიდა დედაზე. ახალშობილი თეოდორას ჩააბარეს და უპატიოდ გააძევეს სავანიდან. უფლის რჩეულმა სიმდაბლით იტვირთა ახალი განსაცდელი და იგი უწინდელი ცოდვის სასყიდლად ჩათვალა. ნეტარი ყრმასთან ერთად მონასტრის მახლობლად, ტალავარში დასახლდა. მწყემსები რძეს აწვდიდნენ მას ბავშვისთვის, თავად თეოდორა კი ბალახეულით იკვებებოდა და ზღვის მლაშე წყალს სვამდა. ასე განვლო შვიდმა წელმა. "და ფრჩხილნი მისნი შეიქმნეს ვითარცა ვეფხისანი, და თმანი მისნი ვითარცა ლომისანი, და ყოველნი ასონი მისნი ყვითლად გარდაიქცეს სიცხითა დღისაჲთა, ყინელითა და ცუარითა ღამისაჲთა". ბოროტი საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს ნეტარს, წმიდა მოსაგრე კი ახოვნად წინააღუდგებოდა მას. ბოლოს, მონასტრის ბერების თხოვნით, იღუმენმა თეოდორა დააბრუნა სავანეში, სადაც იგი ორი წელი დაყუდებით ცხოვრობდა და ყრმას ღვთისმოშიშებით ზრდიდა.
ერთ ღამეს იღუმენმა სასწაულებრივი ხილვით ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა შორის იხილა "დედაკაცი დიდებითა გამოუთქუმელითა", რომელიც მისთვის წინასწარ განმზადებულ ოქროს ტახტზე დაჯდა. თანმხლებმა ანგელოზებმა კი უთხრეს: "ესე არს მონაზონი შენი თეოდორე, რომელი ღუაწლითა განილია..." გაოცებული წინამძღვარი ძმებთან ერთად მივიდა ბერის სენაკში, რომელიც ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილიყო და "ვითარცა განიხილეს, პოეს, რამეთუ დედაკაცი იყო იგი, და განცჳფრდეს და შიში დაეცა მათ ზედა". მალე ენატოსელმა ბერებმაც შეიტყვეს, რომ საშინელი ცილისწამებით ჰქონდათ სულები დამძიმებული, თავზარდაცემულებმა, მუხლი მოიყარეს წმიდა ცხედრის წინაშე და შენდობა ითხოვეს. ცნობამ წმიდა მოსაგრის შესახებ თეოდორას მეუღლემდეც მიაღწია. ისიც ბერად შედგა, თეოდორას სენაკში დასახლდა და ფიცხელი მოღვაწეობით სათნოეყო უფალს. ნეტარი დედის შვილობილიც მის გზას გაჰყვა და შემდგომში ამ სავანის იღუმენი შეიქნა.

0_28