ღირსი ვუკოლე - სმირნელი ეპისკოპოსი

მოიხსენიება 6 თებერვალს (ახალი სტილით: 19 თებერვალს)
ღირსი მამა, ვუკოლე, სმირნის ეპისკოპოსი, წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო. იოანე ღვთისმეტყველმა დაასხა მას ხელი და დაადგინა სმირნის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

ღვთის მადლით, ღირსმა ვუკოლემ უამრავი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი, თავის სამწყსოს ერესის წყვდიადისაგან იცავდა. დაახლოებით 100-105 წლებში ვუკოლემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. თავისი სამწყსო მან გადააბარა წმიდა პოლიკარპე სმირნელს, ცნობილ მოღვაწეს, რომელიც, ასევე, წმიდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო (ხს. 23 თებერვალს). წმიდა ვუკოლეს საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა.