თემა: ეკლესია

1498.არის თუ არა მოყვანილი წმიდა წერილში ისეთი შემთხვევა,როდესაც ცოდვილს თავისი მოყვასისთვის განუმტკიცებია რწმენა?
დიახ, არის, მაგალითად: სამარიტელი დედაკაცი, ფრიად ცოდვილი, მოექცა, თვისი მოქცევით ქალაქ სუქარის მრავალი მცხოვრები მიჰგვარა უფალ იესო ქრისტეს და განამტკიცა მათი სარწმუნოება (ინ.4,5-39); აგრეთვე, პავლე მოციქულმა მას შემდეგ რაც, შეწყვიტა ქრისტეს მტრობა და მოექცა, მრავალ ადამიანს განუმტკიცა სარწმუნოება.
1499. შეიძლება, რომ ქართული სიტყვები ,,შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანნი შენნი" გულისხმავყოთ ისე, თითქოს იესო ქრისტე ისახავდა, რომ პეტრე მოციქული მთელი ეკლესიის წინამძღვრად დაედგინა?
ეს სიტყვები ასე არ უნდა გულისხმავყოთ, რამეთუ მოყვასის სარწმუნოებაში განმტკიცება ყოველს შეუძლია, ვინც წრფელი გულით დაუტევებს ცოდვებს და მიიქცევა ღმრთისაკენ, იმის მიუხედავად ამ ადამიანების მოძღვარია იგი, მათი ქვეშევრდომი თუ მათი თანასწორი.
1500.როდის უთხრა უფალმა იესო ქრისტემ პეტრეს სიტყვები: ,,აძოვენ კრავნი ჩემნი" და ,,დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი"?
უთხრა, მაშინ, როდესაც გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი პეტრეს, მის მიერ სამჯერ უარყოფის შემდეგ.
1501.ამით უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ის უთხრა პეტრეს, რომ დაემწყო მისი კრავნი და ცხოვარნი?
არა, არამედ მანამდე სამჯერ დაეკითხა პეტრეს: ,,სიმონ იონაისო, გიყუარ მეა უფროის ამათსა?" და პეტრე პასუხობდა, რომ უყვარს, მაშინ უფალი იესო ქრისტე ყოველი პასუხის შემდეგ ეუბნებოდა, რომ ეძოვებინა მისი კრავნი ანუ ცხოვარნი (ინ.21,15-17).
1502.რატომ ჰკითხა სამგზის უფალმა იესო ქრისტემ პეტრეს ,,გიყუარ მეა"?
ჰკითხა, რამეთუ ჰსურდა პეტრეს მიერ სამგზის სახალხოდ უარყოფის შემდეგ, თავისი მოქცევა სახალხოდვე განეცხადებინა სიყვარულის სამჯერ აღიარებით.
1503.რომელი ერთადერთი მნიშვნელობით უნდა ვიგულისხმოთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ პეტრემ დამწყსოს მისი კრავნი და ცხოვარნი?
იმ ერთადერთი მნიშვნელობით, რომ პეტრე, მას შემდეგ, რაც სამგზის უარყო მოძღვარი თვისი, უღირსი შეიქმნა მოციქულის წოდებისა, მაგრამ სიყვარულის სამჯერ აღიარების შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ განაცხადა, რომ კვლავ ტოვებს პეტრეს მოციქულის ხარისხში.
1504.შეიძლება თუ არა უფალ იესო ქრისტეს სიტყვებით, რომ პეტრემ უნდა დამწყსოს მისი კრავნი და ცხოვარნი, დამტკიცდეს პეტრეს წინამძღვრობა დანარჩენ მოციქულებსა და მთელს ეკლესიაზე?
არ შეიძლება, რამეთუ ქრისტეს სულიე კრავთა და ცხოვართა მწყემსი განურჩევლად ყველა მოციქული იყო და არა მხოლოდ პეტრე.
1505.მიაჩნდა პეტრე მოციქულს თავი დანარჩენ მოციქულთა წინამძღვრად?
არ მიაჩნდა, რამეთუ პირველ ეპისტოლეში იგი თავს თანახუცესად ანუ თანამწყემსად მოიხსენიებს, ხოლო უფალ იესო ქრისტეს მწყემსმთავარს, ანუ მწყემსების უფროსს უწოდებს.(Iპეტ.5,1-4).
1506.ვინ არის მოციქულთა და მათ მემკვიდრეთა, საზოგადოდ ეკლესიის უმაღლესი მწყემსი და მოძღვარი?
არის თვით უფალი იესო ქრისტე, რომელმაც თქვა: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი" (ინ.10,14).
1507.მოციქულები და პირველი ქრისტიანები ხომ არ თვლიდნენ პეტრეს ეკლესიის თავად?
არ თცლიდნენ, რამეთუ ემიდა წერილიდან ვიცით, რომ
    1.მოციქულთა კრებამ პეტრე და იოანე სამარიაში გაგზავნა(საქ.8,14);
    2.როდესაც პეტრემ ქალაქ კესერიაში წარმართ ასისთავს ნათელ-ჰსცა, ამისთვის იერუსალიმელმა ქრისტიანებმა უსაყვედურეს და მას თავი უნდა დაეცვა(საქ.11,1-4);
    3.პავლე მოციქული წინ აღუდგა პეტრე მოციქულს ქალაქ ანტიოქიაში და უსაყვედურა, რომ არასწორად იქცეოდა, წარმართებს რომ უთმობდა (გალ.2,11-13). მოციქულები და პირველი ქრისტიანები პეტრეს ასე ვერ მოექცეოდნენ, ის რომ ეკლესიის თავად ყოფილიყო მიჩნეული.
1508.ვის ემორჩილებოდნენ ცალკეული მოციქულები უფალ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ?
ისინი სამოციქულო კრების განცჰნებებს ემორჩილებოდნენ.
1509.საიდან ვუწყით, რომ ცალკეული მოციქულები მოციქულთა კრების განჩინებებს ემორჩილებოდნენ?
ვუწყით იქიდან, რომ:
    1.პეტრე და იოანე დაემორჩილნენ მოციქულთა კრების გადაწყვეტილებას, რომელმაც ისინი ქალაქ სამარიაში წარგზავნა;
    2.როდესაც საქმე ეხებოდა ზოგადსაეკლესიო ხასიათის საკითხთა გადაჭრას, არც ერთი მოციქული, პეტრეს ჩათვლით, არ აძლევდა თავს უფლებას გადაეწყვიტა ისინი საბოლოოდ. ამას წყვეტდა მოციქულთა კრება სამღვდელოების თანდასწრებით, რომელთა შორის იყვნენ, ხუცესნი და მორწმუნე ერისკაცნი(საქ.15,23-29).
1510.არის თუ არა რაიმე ნათქვამი წმიდა წერილში მოციქულთა კრების მოწვევის შესახებ?
დიახ, არის, კერძოდ წმიდა მოციქულთა საქმეთა აღწერაში.
1511.რომელ მნიშვნელოვან მოციქულთა კრებაზეა საუბარი წმიდა მოციქულთა საქმეებში?
საუბარია შემდეგ შეკრებებზე:
    1.როცა გამცემი იუდას ნაცვლად უნდა აერჩიატ ახალი მოციქული(საქ.1,15-26);
    2.როდესაც სული წმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე(საქ.2,1-4);
    3.როცა უნდა დაედგინათ დიაკვნები ან მოციქულთა თანაშემწენი(საქ.6,1-6);
    4.როცა საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, თუ როგორ შეეწყნარებინათ ეკლესიაში წარმართნი, რომელთაც აღიარეს უფალი იესო ქრისტე(საქ.15,1-35).
1512.როგორ იწოდება მოციქულთა მეოთხე შეკრება?
იწოდება მოციქულთა კრებად, რამდენადაც მასზე განიხილეს და მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება, როგორადაც მიღებულია ეს საეკლესიო კრებებზე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები