ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: სიძვა
თუ დაინდობ მტერს, მტერი გეყოლება, და თუ ვნებას დაინდობ, აღსდგება შენზე. თავშეუკავებელში ავხორცობას აღვიძებს ქალისადმი მიხედვა, უმანკოს კი ღვთის სადიდებლად განაწყობს. თუ ქალებთან შეხვედრისას ვნება არ აღგეძვრება, ნუ დაიმედდები, რომ მომავალშიც ასე იქნება, რამეთუ ბრბოში მოხვედრილი ძაღლიც კუდს აქნევს, მაგრამ როგორც კი დატოვებს ბრბოს, მისთვის დამახასიათებელ სიავეს იჩენს. როცა ქალის მოგონება ვნებას აღარ გგვრის, მაშინ დაასკვნი, რომ უბიწოების სავანეში შეაბიჯე. ხოლო როდესაც წარმოდგენილი სახე მისი ნახვის სურვილს აღგიძრავს და მისი ისრები გულში გესობა, უწყოდე, რომ ჯერ შორს ხარ სათნოებიდან. მაგრამ ამგვარ გულისთქმაზე ნურც პირველ შემთხვევაში შეჩერდები და აზრითაც კი არ ესაუბრო დიდხანს ქალის ხატებას, რამეთუ უყვარს ვნებას უკან დაბრუნება და საფრთხე ახლოსაა.
როგორც ზომიერი დნობა წმენს ვერცხლს, ხოლო გადამეტებული დანაკარგს იძლევა, ასევე უბიწო ჩვევაც წახდევა გონებაში ქალის დიდხანს წამოსახვით. თუკი წარმოსახვაში ქალის სახება გაჩნდება, მას აზრით ხანგრძლივად ნუ ესაუბრები, რათა შენში ავხორცობის ცეცხლი არ დაანთოს და შენი სულის კალო არ დაწვას. როგორც ჩალაში დიდხანს გაჩერებული ნაპერწკალი ცეცხლს აჩენს, ასევე ქალთან დაკავშირებული ხანგრძლივი მოგონებაც აღანთებს ვნებას.