image

თემა: ეკლესიაში ლოცვა


სწავლა დ. ეკლესიასა შინა ლოცვისათვის.

საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად საღმრთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღვთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ, ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა ანუ სამთავროსა მოიღებდეს ხელ ქვეშეთა მისთა მოქალაქეთა და იგინი არა გამოეძიებენ ცხოვრებასა მომღებელისასა, თუ მდიდარი არს ანუ გლახაკი, მართალი ანუ ცოდვილი, არამედ აღმოიკითხვის რა იგი, ყოველნი ისმენენ კეთილად; უკეთუმცა ვერა ისმინოს რაიმე ვინმე, მსმენელსა ჰკითხავნ. ხოლო უკეთუ ქვეყნისა მთავრისა ესე ვითარი შიში არს თქვენ-ზედა, რაოდენ უფროს აქა ეკკლესიასა შინა? თვინიერ ცილობისა ჯერ არს სმენად თქვენდა, სადა შემოქმედისა ცათასა ძალსა გაზრახებთ (გაუწყებთ) ჩვენ ცოდვილნი. ვინაცა გლოცავ თქვენ, მოსრულთა აქა! ასწავებდით მცონართაცა მოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ თქვენ გემო იხილეთ მოძღვრებისა სიტკბოებისა და მათ არა. სადა ხოლო, რომელიცა მცონარსა შიშად ღვთისა მოიყვანებდეს, მიიღოს მრავალი სასყიდელი ღვთისაგან. ხოლო ესენი უკვე აღმოვსთქვენ და კვალად ლოცვისათვისცა განსწავლნე, ამის მიერ (ამ გვარის ლოცვით) სათნოებანიცა აღსრულდებიან. უკეთუმცა გულისაგან მდაბლისა და უმანკოისა შეიწირვოდეს ლოცვა, ვითარცა საკმეველი ღვთისა მიმართ აღვალს, რომლისათვის სთქვა წინასწარ-მეტყველმანცა: "წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე". ხოლო, ვითარცა საკმეველი არს სუნნელი, ოდეს დაისხნეს ცეცხლსა ზედა, ეგრეთვე ლოცვა, ოდეს აღტყინებულისაგან გულისა იქმნებოდეს, შეიწირვის ღვთისა მიმართ.
    მოვედით უკვე, ძმანო, საყვარელნო, და ისმინეთ სწავლა ესე ჩვენი, რომელი არს ცხოვრებად სულთა თქვენთა. უკეთუ ჰქმნეთ და არა თანამდებ სჯულისა იქმნეთ, ხოლო რომელნი ამათ მოძღვრებათა არა ერჩდეთ (შეისმენთ), ვითარ იქმნეთ თქვენ ეგოდენთა გზათა მსვლელ, რაოდენსაცა მოვიდა დედოფალი სამხრისა სმენად სიბრძნესა სოლომონისსა? ხოლო აქა, ეკლესიასა შინა, უფროს სოლომონისსა არს, და არა გზათა გრძელთა და შრომად; არცა გარემოს ზღვისა მოვლად, არცა მონაგებთა წარგებად, არცა სალმობათა ქვეშე პყრობად, რამეთუ ეკლესია არს ყოველთა სადგურ და ყოველნი ისწრაფდით მისა.
    ხოლო უკეთუ ხარ მართალ, რათა არა წარსწყმიდნე სიმართლე; უკეთუ ხარ ცოდვილ, მივედ ეკლესიადვე რათა სცხონდე. ხოლო მე, არა თავით თვისით გაიძულებ თქვენ საქმედ და მოსლვად ეკკლესიად, რამეთუ ვარ ყოველთა უცოდვილეს, არამედ რათა სწავლისა მსმენელთა იცხოვნნეთ სულნი თქვენნი. ხოლო არა მსმენელმან წმიდისა მოძღვრებისამან, ვითარ ვინ შეუძლოს წარმართებად სულისა თვისისა, რამეთუ ნათელ ეწოდების სიტყვასა ღმრთისასა, და უფროს ხილულისა ნათლისა არს და ფრიად განანათლებს სულსა, რომლისათვის სთქვა წინასწარმეტყველმან ისაია, ვითარმედ: "ერმან მსხდომარემან ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი", ესე იგი არს მოძღვრება ჭეშმარიტი. რაოდენნი უკვე ეკკლესიად, აიძულებდით სხვათაცა - არა მომსვლელთა, და ნუ ვინ იტყვით, ვითარმედ უცოდველ ვართო. მოიგონე, ძმაო, წოდებულთათვის სამეუფოსა ზედა სერსა, "უღლეული ხართა ვიყიდე, სხვამან ცოლიმოვიყვანე". და განრისხნაცა მხოლოდ მათ ზედა მეუფე, და თქვენ არა ძალ-გიძსთ ერთსა ჟამსა მიახლებად ღვთისა, რამეთუ რაიმე სიმძიმე არს ეკლესიასა შინა სმენისაგან გალობისა? და მაშინ წარხვალთ საქმედ. უკეთუმცა (თუ კი) იქმნეთ მოსარგებლე, ანუ მარადღე განმყოფელ ვერცხლისა, გინა რვალისა, ანუ ღვინისა, ესრეთ არა თვით მიხვალთა, არა მიწოდებულნი?! ხოლო აქა ეკლესიასა შინა ჟამ ყოველ სიტყვანი ღვთისანი განიცემიან, უმჯობეს ოქროსა და უძვირფასეს ქვისა, მრვალ სასყიდლისა და უტკბილეს თაფლისა. ხოლო თქვენ ამათ მოაკლდებით, ვინადგან არა მოხვალთ მარადის ეკლესიად მცონარებისა თქვენისათვის. გიზრახავ ამას ძვირსა და გაბრალებ, და რაჟამს მოხვალთ ეკლესიად უკრძალველად მოხვალთ და თვით ნებსით დააკლდებით სულიერსა ამას სწავლასა, რომლისა მიერ იქმნების კეთილი ცხოვრება, სიხარული საუკუნო და დიდება გამოუთქმელი და ცხოვრება სულისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები