ავტორი:
წმ. ლეონიდე ოქროპირიძე
თემა: დღესასწაული
არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავის დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს, როდის, რა ღირსშესანიშნავი დღეობა მოდის და დიდი ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მოდის ხალხი სალოცავში. რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვა-ვედრებისთვინაო, ბრძანებთ მრავალნი. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, რატომ წირვის დროს მაინც არ შემოდის ეს ამოდენა ხალხი ეკლესიაში და არ ისმენს შესაფერისი კრძალულებით ლოცვა-გალობათა? რის ნიშანია ეს: რაღაც უზრდელად, მეტისმეტი კადნიერებით და თავხედობით რამდენიმე წუთით შემოვარდნა ეკლესიაში და მერე ისევ გავარდნა კარზე. რა არის ესოდენა უზომო სმა და ჭამა, სიმღერა, შეუსაბამო ხუმრობა, დაუღალავ განუწყვეტელი ცეკვა, ახირებული სიცილი და სხვა. თუ ხალხი მოდის ხატის კარს სალოცავად, მაშ, რაღად გაისმის ეს საზიზღარი და საზარელი ხმაურობა ზურნისა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა გულით გვძულდეს და გვეზიზღებოდეს, რადგანაც ძველ დროში ამ ხმაურობის გაგონება მოასწავებდა ჩვენი ტაძრების, ჩვენი ციხე-სიმაგრეების, ჩვენი ქალაქების, სოფლების და მამა-პაპათა საფლავების აკლება-განადგურებას თათრებისაგან. არა, ასეთ ურიგობაში, არეულობაში, ასეთ ყოველ ზომიერებას გადასულ დროს ტარებაში ლოცვას სრულებით ალაგი არა აქვს და, მართალი უნდა ვთქვათ, არც არავინ ფიქრობს მასზედ. ხალხი მოსულა ღვთის გასარისხებლად და არა სალოცავად. სწორედ ამგვარი დღესასწაულების შესახებ ბრძანებს უფალი: "დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა" (ის. 1,14). "მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა" (ამოს. 5,21). ასე, მოვდივართ ვითომდა ღვთის საამოდ, ღვთის კურთხევის მისაღებად და ნამდვილად კი ვიძენთ მის წყევა-ყვედრებას; მოვდივართ ხორციელი და სულიერი სიკეთის მოსაპოვებლად და ნამდვილად კი ვიძენთ ათასგვარ ბოროტება-სიავეს, მოვდივართ, ვითომდა ეკლესიების სარგებლობისათვის და საქმით კი დიდი ზარალის, მისი ეზო-კარმიდამოს გაბინძურება-შებილწვის მეტს არას ვარგივართ მას.