თემა: მცნებები

1680.როგორ იკითხება ღმრთის მეექვსე მცნება?
იკითხება ასე: ,,არა კაც-ჰკლა!"
1681.რას გვიბრძანებს ღმრთის მეექვსე მცნება?
გვიბრძანებს, რომ არ შესცოდო ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ, არამედ იზრუნო მასზე.
1682.რატომ მოგვცა უფალმა მეექვსე მცნება?
მოგვცა იმიტომ, რომ ის თავად განაგებს სიცოცხლესა და სიკვდილს.
1683.ვინ სცოდავს საკუთარი სიცოცხლის წინააღმდეგ?
სცოდავს ის,
    1. ვინც თავს იკლავს,
    2. ვინც აუცილებლობის გარეშე აგდებს საფრთხეში საკუთარ სიცოცხლეს,
    3. ვინც საკუთარ ჯანმრთელობას თავშეუკავებლობითა და მრისხანებით ვნებს.
1684.ვინ სცოდავს მოყვასის სიცოცხლის წინააღმდეგ?
სცოდავს ის,
    1. ვინც კლავს მოყვასს ან ხელს უწყობს მკვლელთ,
    2. ვინც მოყვასს სხეულებრივ დაზიანებას მიაყენებს,
    3. ვინც ავიწროებს ან ცდათ ეპყრობა მოყვასსა და ამით უმძიმებს და უსწრაფებს სიცოცხლეს.
1685.ღმრთის მეექვსე მცნება მხოლოდ ხორციელ სიცოცხლეს ეხება?
არა, არამედ სულიერ სიცოცხლესაც ეხება.
1686.ვინ აყენებს ზიანს მოყვასის სულს?
მოყვასის სულს ზიანს აყენებს ის,
    1. ვინც აფერხებას სხვა ადამიანის სულიერ ცხოვრებას და განვითარებას,
    2. ვინც ცოდვიან საუბარს წარმართავს მოყვასთან,
    3. ვინც უგუნურად იქცევა სხვების წინაშე,
    3. ვინც აბრკოლებს სხვებს და უბიძგებს ცოდვისკენ.
1687.რა უნდა ჰქნას მან, ვინც ავნო მოყვასის სულს და სხეულს?
შეძლებისდაგვარად უნდა აუნაზღაუროს დანაკარგი და ჩადენილი ბოროტება გამოასწოროს.
1688.დაშვებულია თუ არა ომი ქრისტიანული თვალთახედვით?
ომი დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა ის სამშობლოსა და ხალხის თავდაცვისთვის მიმიდნარეობს; დაპყრობითი ომის წარმართვა ცოდვაა, მით უფრო, თუ ომი სხვა ხალხის დაპყრობის მიზნით წარმოებს.
    განმარტება:
    I. ადამიანის განზრახ მოკვდინებაა. ვინც თავად ისწრაფებს სიცოცხლეს, თვითმკვლელია. მკვლელობა და თვითმკვლელობა საზარელი ცოდვაა. მოკლულის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს ცად შურისგებისთის.
    II. თუ ვინმემ მოკლა ადამიანი არა წინასწარგანზრახვით, არამედ შემთხვევით ან გაუფრთხილებლობით, მას მკვლელობა არ ჩაუდენია, მაგრამ მიუხედავად ამისა სინანულით მართებს განიწმინდოს სული, რამეთუ თითოეულ, თუნდაც არა წინასწარგანზრახულ მკვლელობას, საზარელი და საბედისწერო შედეგები მოაქვს მკვლელისა და მისი ოჯახისთვის.
    III> რეგულარულ სასამართლოს, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა, უფლება აქვს მიუსაჯოს სიკვდილით დასჯა, და მოსამართლე, რომელსაც ასეთი განაჩენი გამოაქვს, არ სცოდავს ღმრთის მეექვსე მცნების წინაშე. მაგრამ თუ სიკვდილით დასჯის უდანაშაულო ადამიანს, თუკი უწყოდა, რომ ის უდანაშაულო იყო, მაშინ ის ღმრთის წინაშე მკვლელი იქნება.
    IV. ღმრთის მეექვსე მცნების წინაშე სცოდავს აგრეთვე ის, ვინც ფარავს მკვლელს და ამით მას საშუალებას აძლევს, ხელსაყრელ დროს, გაიქცეს სხვა მხარეში და განაგრძოს მკვლელობათა ჩადენა.
    V. თვითმკვლელობა ღმრთის წინაშე მცნების საწინააღმდეგოდ ჩადენილი დიდი ცოდვაა. ამის გარდა, ის სიმხდალის გამოვლინებაა. ნაცვალდ იმისა, რომ ადამიანმა მამაკაცურად დაძლიოს ცხოვრებისეული სიძნელეები, ის თვითმკვლელობით ყრის ფარხმალს მატ წინაშე და ხშირად ცოლს, შვილებს და მშობლებს ბედის ანაბარა ტოვებს, რითაც ახალი ცოდვით იმძიმებს სულს. ცხოვრებისეული სიძნელეებისგან გაქცევა მას ვერაფრით დაეხმარება, რამეთუ ღმრთის სამსჯავროსგან გაქცევა მარადისობაში შეუძლებელია.
    VI. საფრთხეში იგდებს სიცოცხლეს ის, ვისაც ავადმყოფობის ჟამს არ სურს იმკურნალოს, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით თამაშობს, ვინც ამაოდ იგდებს თავს საფრთხეში.
    VII. თუ უფროსი კეთილსინდისიერ თანამშრომელს ძალიან მცირედ უნაზღაურებს ან ცუდად კვებავს, ის მეექვსე მცნებას არღვევს.
    VIII. ღმრთის მეექვსე მცნებას არღვევს ისიც, ვისაც მოყვასისთვის რაიმე უბედურება სურს ან ვისაც მოყვასი სძულს. - ,,ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცის-მკვლელი არს" (Iინ.3,15).
    IX. დამაბრკოლებელთა შესახებ ქრისტემ ბრძანა: ,,და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკუდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა. ვაი სოფელსა ამას საცდურთა მათგან... ხოლო ვაი მის კაცისა რომლისაგან მოვიდეს საცთური" (მთ.18,6,7).
    X. ღმერთმა ადამიანი ცხოველთა მბრძანებლად დაადგინა, მაგრამ აუკრძალა მათი წამოება, მუშაობით და ტვირთით გადაღლა, შიმშილი. ,,მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია" (იგ.სოლ.12,10).
    XI. მოყვასს გულს ტკენს ისიც, ვინც წინასწარგანზრახვით ეწინააღმდეგება განათლების მიღებაში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები