თემა: ტაძარი

2012.რა არის ტაძარი?
ტაძარი არის ღმრთისადმი მიძღვნილი და ღმრთისმსახურებისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული შენობა.
2013.თუ რომელიმე ქალაქში რამდენიმე ტაძარია, რომელია მათ შორის პირველი?
მათ შორის პირველს მთავარი ტაძარი ჰქვია.
2014.რატომ ეწოდება პირველი ტაძარი მთავარს?
იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულების დროს იქ ღმრთისმსახურება აღესრულება ქალაქის ყველა დანარჩენი ტაძრების სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.
2015.რა ეწოდება იმ ქალაქის მთავარ ტაძარს, სადაც ეპარქიის მღვდელმთავარი იმყოფება?
ასეთ ტაძარს ეწოდება საკათედრო ტაძარი.
2016.ვის სახელზე იკურთხება ტაძარები?
ტაძრებს მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის მიწიერი ცხოვრების ამსახველი მოვლენების ან წმიდანთა პატივსაცემად მათ სახელზე აკურთხებენ.
2017.როდის ენიჭება ტაძარს სახელი?
ტაძარს სახელს არქმევენ ტაძრისთვის ადგილის კურთხევის დროს, როცა საძირკველში ქვაკუთხედი იდება.
2018.რა ეწოდება მცირე ტაძარს?
მცირე ტაძარს სამლოცველო ჰქვია.
    განმარტება
    თითქმის ყველა ხალხში ტაძარს ჩვეულებრივ ეკლესიას უწოდებენ, იმიტომ, რომ მასში ეკლესიის კრებულის წევრები იკრიბებიან სალოცავად.
2019.როგორი გარეგნული იერი ან გეგმა უნდა ჰქონდეს ტაძარს?
ტაძარი შეიძლება იყოს მოგრძო სწორკუთხოვანი, წრიული ან ჯვარის სახის.
2020.რას მოგვაგონებს წაგრძელებული ფორმის ტაძარი?
მოგვაგონებს ხომალდს, რომლის საჭეთმპყრობელი თვით მაცხოვარია, რათა ცხოვრების მღელვარე ზღვიდან მარადიულ ნეტარებაში მიგვიყვანოს.
2021.რას მოგვაგონებს ჯვრის სახით აგებული ტაძარი?
ასეთი ტაძარი მოგვაგონებს ჯვარცმული მაცხოვრის მიერ ჩვენს გამოსყიდვას.
2022.რას მოგვაგონებს წრის სახით აგებული ტაძარი?
ამგვარად აგებული ტაძარი მოგვაგონებს, რომ ქრისტეს ეკლესია მარადიულია.
2023.რომელ მხარეს უნდა მიაპყრობდნენ მზერას ტაძარში ღმრთისმსახურებისთვის შეკრებილი მორწმუნენი?
ტაძარში მორწმუნენი მზერას აღმოსავლეთისკენ უნდა მიაპყრობდნენ; ამიტომ ტაძრებს იმგვარად აგებენ, რომ მათი მთავარი მხარე აღმოსავლეთით იყოს.
2024.რატომ უნდა მიაპყრონ თავიანთი მზერა მორწმუნეებმა ღმრთისმსახურების ჟამს აღმოსავლეთით?
იმიტომ, რომ მაცხოვარმა თვისი გამოცხადებით ისე გააბრწყინა ქვეყნიერება, როგორც აღმოსავლეთით ამომავალმა მზემ.
2025.ჩვეულებრივ რით გვირგვინდება ტაძრის სახურავი?
გვირგვინდება ჯვრიანი გუმბათით, ნიშნად ჩვენი გამოხსნისა.
2027.რას მოგვაგონებს გუმბათები?
ერთი გუმბათი მოგვაგონებს იესო ქრისტეს, ვითარც თავს ეკლესიისა, სამი - წმიდა სამებას, ხუთი - იესო ქრისტეს ოთხ მახარებელთან ერთად, შვიდი - შვიდ წმიდა საიდუმლოს, ცხრა - ანგელოზების ცხრა დასს, ცამეტი - იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთან ერთად.
2028.რომელი მთავარი ნაწილებისგან შედგება თითოეული მართლმადიდებლური ტაძარი?
ტაძრის ნაწილებია:
    1. საკურთხეველი, სადაც მღვდელი აღასრულებს უმთავრეს საღმრთისმეტყველო მოქმედებებს,
    2. ტაძრის შუა ნაწილი, სადაც მორწმუნენი იკრიბებიან ლოცვისთვის,
    3. სტოვა, რომელიც უწინ განკუთვნილი იყო კათაკმეველთათვის, ანუ მოსანათლად გამზადებულთა და მონანული ცოდვილებისთვის.
    განმარტება
    I. ქრისტიანობის პირველ ხანებში კათაკმეველნი ეწოდებოდათ იმ ადამიანებს, ვინც წმიდა ნათლისღებისთვის და საეკლესიო კრებულში შესასვლელად ემზადებოდნენ და ამ მიზნით ქრისტიანულ სარწმუნოებაში განისწავლებოდნენ. სიტყვა ,,კატეხუმენოს" (ანუ. კათაკმეველი) ბერძნულია და კარგად განსწავლულს, ამ შემთხვევაში სარწმუნოების წესების კარგად მცოდნეს ნიშნავს. აქედან წარმოსდგება - სასწავლო სახელმძღვანელოს კატეხიზმოს სახელიც.
    II. ქრისტიანობის პირველ ხანებში მორწმუნენი თავიანთ მძიმე ცოდვებს სახალხოდ აღიარებდნენ ღმრთისმსახურებისთვის შეკრებილ მორწმუნეთა წინაშე, ხოლო ეპისკოპოსი ყველას წინაშე ადებდა მათ ეპიტემიას. საჯაროდ მონანულთათვის ტაძრის კარების სიახლოვეს კათაკმეველებთან ერთად გამოყოფილი იყო ადგილი. საჯარო აღსარების გამოთქმის დღეს მონანულნი არ კადნიერდებოდნენ მიეღოთ ქრისტეს სისხლი, რაც მათთვის ძალიან მძიმედ გადასატანი იყო. ისინი წმიდა საიდუმლოს მისაღებად დაიშვებოდნენ მაშინ, როცა სინანულისთვის დანიშნული დრო გაივლიდა. თუმცა ეპისკოპოსს შეეძლო სინანულისთვის დანიშნული დრო შეემცირებინა, თუკი დარწმუნდებოდა, რომ მონანული მართლაც გამოსწორების გზაზე იდგა. საჯაროდ განცხადებული სინანული და საერთო აღსარება, რომლის დროსაც ქრისტიანები აღიარებდნენ თავიანთ მძიმე ცოდვებს ყველა მორწმუნის წინაშე, მოწმობს, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ სარწმუნოებას პირველი ქრისტიანები.
2029.რა არის საკურთხევლის სიახლოვეს?
საკურთხევლის სიახლოვეს არის სალარო ანუ საცავი, სადაც ინახება სამღვდელო შესამოსელი, საღმრთისმსახურო წიგნები და ჭურჭელი სასაკმევლე ნახშირის გამოსაწევად.
2030.რა მდებარეობს საკურთხეველში?
საკურთხევლის:
    1. შუაგულში დგას ოთხკუთხა მაგიდა-ტრაპეზი, რომელზეც იკურთხება და ინახება წმიდა ნაწილები,
    2. ჩრდილოეთ ნაწილში არის სამკვეთლო - მცირე ზომის მაგიდა, რომელზეც უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის მზადდება პური და ღვინო.
2031.რით და როგორ იფარება წმიდა ტრაპეზი?
წმიდა ტრაპეზი დაფარული სელის თეთრი საბურველით, ხოლო ზემოდან გადაფარებული ფერადი ფარჩა, რომელიც ოთხივე მხარეს ბოლომდეა ჩამოშვებული, ზევიდან კიდევ შეიძლება გადაეფაროს ლამაზი საფარებელი, ასევე ბოლომდე დაშვებული.
2032.რითი მაგრდება პირველი გადასაფარებელი ტრაპეზზე?
ტრაპეზზე პირველი გადასაფარებელი მაგრდება ზონრით, რომელიც ისე გადატარდება ზემოდან და ქვემოდან, რომ ჯვარი გამოისახოს.
2033.რა აწყვია წმიდა ტრაპეზზე?
ტრაპეზზე აწყვია:
    1. დაკეცილი ოდიკი,
    2. სახარება, რომელიც ოდიკზეა დასვენებული,
    3. სანაწილე, ჩვეულებრივ ვერცხლისა, რომელშიც დაცულია ავადმყოფთა საზიარებელი წმიდა ნაწილები,
    4. ოდიკთან - მცირე ჯვარი კურთხევისთვის,
    5. სანაწილესთან ახლოს - აგრეთვე სანაწილე, რომლითაც მიაბრძანებენ წმიდა ნაწილებს ავადმყოფთა საზიარებლად,
    6. ზოგჯერ სანაწილესთან დგამენ ნაკურთხი ზეთის ჭურჭელს,
    7. შვიდტოტა კანდელი.
2034.კიდევ რა ინახება სანაწილეში?
სანაწილეში აგრეთვე ინახება წმიდა მირონი.
2035.რა დგას უშუალოდ ტრაპეზის უკან?
უშუალოდ ტრაპეზის უკან დგას საკურთხევლის დიდი ჯვარი, სახით ტაძრის შუაგულისკენ, რომელსაც გამოაბრძანებენ მსვლელობათა დროს.
2036.რა არის ოდიკი?
ოდიკი არის სელის ან აბრეშუმის ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია საფლავად დადებული ქრისტე.
2037.რა არის ჩაკერებული ოდიკის ზედა ნაწილში?
ჩაკერებულია წმიდა ნაწილები.
2038.ვინ აკურთხებს ოდიკს?
ოდიკს აკურთხევს ეპარქიის მღვდელმთავარი.
2039.რაშია გახვეული დაკეცილი ოდიკი?
დაკეცილი ოდიკი გახვეულია სელის ან აბრეშუმის ფერად ქსოვილში, რომელსაც ილიტონი ჰქვია.
2040.როდის ხსნიან ოდიკს?
ოდიკს ხსნიან:
    1. წმიდა ლიტურღიის აღსრულებისას, როდესაც მასზე აღესრულეა საუფლო ძღვენის გარდასახვა;
    2. სასულიერო პირთა მიერ ტაძარის დათვალიერებისას, რომელთა მოვალეობაცაა თვალყური ადევნონ, რომ ოდიკი სუფთა და დაუზიანებელი იყოს, როგორც ამას საეკლესიო განწესება მოითხოვს.
    განმარტება
    ოდიკის გარეშე წმიდა ლიტურღია ვერ აღსრულდება.
2041.რით არის გამშვენებული ტრაპეზის სახარება?
გამშვენებულია მაცხოვრის გამოსახულებით, ხოლო კუთხეებში ოთხი მახარებლის გამოსახულებებით; უკანა მხარეს გამოსახული ჯვარი.
2042.რას წააგავს სანაწილე და რისგან მზადდება იგი?
სანაწილეს ტაძრის ფორმა აქვს და მზადდება ლოთონისგან ან ხისგან.
2043.რა აფარია სამკვეთლოს და რა აწყვია ზედ?
სამკვეთლო იფარება ისევე, როგორც წმიდა ტრაპეზი და მასზედ აწყვია:
    1. ხატი,
    2. შანდალი,
    3. ფერხუში, ფეხიანი ლანგარი ტარიგისთვის,
    4. ბარძიმი სამსხვერპლო ღვინისათვის,
    5. ვარსკვლავი, რომელსაც ფეშხუმზე მოთავსებულ ტარიგზე დებენ,
    6. ლახვარი, ე.ი. ლახვრის მსგავსი დანა, ტარიგის მოსამზადებლად,
    7. მცირე კოვზი, რომლითაც აზიარებენ მორწმუნეთ,
    8. ღრუბელი ბარძიმის გასაწმენდად,
    9. ორი პატარა დაფარნა - საფარებელი, რომლთაგან ერთი ფერხუშს ეფარება, ხოლო მეორე - ბარძიმს და მათ გარდა კიდევ ერთი დიდი დაფარნა, რომელიც ბერძნულად ,,აერ"-ს ანუ ჰაერს ნიშნავს.
2044.რატომ ჰქვია დიდ დაფარნას ჰაერი?
იმიტომ, რომ ის ერთდროეულად ეფარება ფერხუმსაც და ბარძიმსაც, რომლებშიც მომზადებული საუფლო ძღვენია და დაფარნა მათზე განისვენებს, როგორც ჰაერი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები