ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ქრისტიანობა, ქრისტიანული ცხოვრება, ჭეშმარიტი ქრისტიანობა
848. (ამ პასუხის შეკითხვა არ წერია - შენიშვნა). მისწერე მას შემდეგი: მცირედი სიხარული როდი მოგვიტანა ჩვენ და ყველა ღვთისმოშიშს ქრისტეს რწმენაში თქვენმა მოსვლამ, მაგრამ ის კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც თქვენში სულიერი ნაყოფის ზრდას დავინახავთ. რამეთუ ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულო იქნება, თქვენზე შემდეგი სახარებისეული სიტყვების აღსრულება: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მათე 5, 16). როგორც თქვენი კეთილშობილებისთვისაა ცნობილი, ახალდარგულ ხეებს ბევრი და ლამაზი ნაყოფი გამოაქვთ. თქვენც, როგორც ახლად მონათლულები, ყველას შესაგონებლად, ბევრ და შესანიშნავ სულიერ ნაყოფებს აჩვენებთ წმინდა და ერთარსი სამების სადიდებლად და ქრისტესმოყვარე მეფეთა წინაშე თქვენს საქებრად, რომელთაგანაც თქვენ (რწმენის სინათლით) განათლების ამ დიდი ნიჭის ღირსნი გახდით, რომელი ნაყოფებია იმაზე უფრო კარგი, რომ იღვაწოთ ქრისტეს რწმენისთვის და ქრისტიანობის დამშვიდებისათვის? რამეთუ ის, თუმცა კი ძლიერდება ქრისტეს მიერ, მაგრამ ღმერთს ადამიანთა გულის განწყობების გამოცდაც სურს, რათა სრულიად გამოჩნდეს, საით მიილტვიან ისინი. ეკლესიის დანგრევა კი შეუძლებელია, რამეთუ ღმერთმა აღგვითქვა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16, 18). უნდა წარმოიშვეს კეთილი საქმე და ნეტარია ის, ვისგანაც ის წარმოიშვება. აღიტაცეთ, ო ქრისტესმოყვარენო, ამგვარი ნეტარება. მსურს, რომ ესეც ვაუწყო თქვენს კეთილშობილებას, თუკი ის, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, წარმართი და რწმენის მოწინააღმდეგე იქნებოდა და ამ სულისკვეთებით იმოქმედებდა, მაშინ ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩებოდა გასაკეთებელი, გარდა ეკლესიების დახურვისა, სანამ მათ ქრისტესმოყვარე მეფეები არ დახსნიდნენ.