თემა: გარდაცვალება


"პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა..."

სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმიდა ბერი ღმერთს შეევედრა - უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილისა და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.
    თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩედრა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი მონოზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ ირგვლივ დიდი მწუხარება იდგა. მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. მოთქვამდნენ, პურსა და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.
    როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერმა, ღვთის განგებით, დაინახა, რომ ჯოჯოხეთის ტარტაროზი გაიღო, იქიდან იქიდან ცეცხლის ლახვრების მქონე სულები ამოვიდნენ და ზეციდან ხმა მოისმა:
    -წუთითაც არ მომასვენა მაგისმა სულმა, ნურც თქვენ შეიბრალებთ მაგას, ტანჯეთ და სასტიკად ამოხადეთ სული; ამიერიდან იგი ვეღარასოდეს ნახავს შვებას.
    მაშინ ანგელოზმა ანგელოზმა უწყალოდ ჩასცა პირში ცეცხლის სამპირი ლახვარი, კარგახანს სტანჯა საკუთარ გვამშივე და მერეღა ამოხდა საშინელი სისასტიკით მისი უბადრუკი სული. ამის დამნახავი ბერი შეძრწუნდა. ის განცვიფრებული ტიროდა და ამბობდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, „ნამდვილვე სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს“.
    ამის შემდეგ ბერი ქალაქში შევიდა და სრულიად განსხვავებული რამ იხილა. ქუჩაში უპატრონო მომაკვდავი კაცი იწვა და ყურადღებას არავინ აქცევდა. იმ დღეს ბერი მასთან დარჩა და როცა სნეულის სიკვდილის ჟამმა მოაწია, დაინახა ზეციურ ძალთა მთავარნი - მიქაელი და გაბრიელი, რომლებიც მისი სულის გასაყვანად მისულიყვნენ. ერთი მარჯვნივ ედგა მომაკვდავს, მეორე - მარცხნივ და მის სულს ტკბილად სთხოვდნენ, მათ გაჰყოლოდა. სულს კი ხორცის დატოვება არ სურდა. ბოლოს მიქაელ მთავარანგელოზმა გაბრიელს უთხრა, დროა, მიიბარო სული და წავიყვანოთო, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოზმა მიუგო, ჩვენი მეუფისგან ნაბრძანები გვაქვს, უმტკივნეულოდ გავიყვანოთ და არ ვაიძულოთო. მან თავისი მშვენიერი ხმით შეჰღაღადა ღმერთს:
    -უფალო ძალთაო, რა ვუყოთ ამ კაცის სულს, რომელსაც ამოსვლა არ უნდა?
    ზეციდან ხმა მოისმა:
    -მე გამოგიგზავნით დავითს თავისი ქნარითა და ანგელოზებით; ისინი ერთხმად უგალობენ მას; საამო ხმები დაატკბობს და მისი სული სიხარულით გამოვა. ასე, ყოველგვარი პატივით მოიყვანეთ ის ჩემთან და ნურაფრით აიძულებთ.
    მართლაც, მაშინვე გამოჩნდა დავითი და მგალობელი ანგელოზები. ისინი გარს შემოერტყნენ იმ სანატრელ სულს, იწყეს მისი ქება და საოცრად ტკბილხმოვანი, სასიამოვნო გალობა. ამან სიამოვნებითა და საზეიმო განწყობით აღავსო მისი სული და სიხარულით შეუფრინდა ხელში მიქაელ მთავარანგელოზს. ამგვარი აღუწერელი დიდებით, უსაზღვრო ბრწყინვალებითა და საკვირველი ქებით აიყვანეს ზეცაში მისი სანატრელი სული, რომელსაც დედამიწიდან ზეცამდე ანგელოსთა დასები ეგებებოდნენ და ამხნევებდნენ სიტყვებით:
    -გიხაროდენ, სულო მართალო!.. შედი შენი უფლის სიხარულში, რადგან იქ სიმართლის გვირგვინი მიგელის.
    ასეთი დიდებითა და პატივით აიყვანეს იგი ყოველთა მეუფესთან. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 115, 15)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები