თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის


„იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ“.

ერთხელ ღირსმა ონოფრე დიდმა დაყუდებული ცხოვრების სიყვარულით თებაიდას მონასტერი დატოვა და უდაბნოს მიაშურა. მოულოდნელად ნათლის სხივი იხილა და შეშინებულმა უკან დახევა დააპირა, მაგრამ ნათლის სხივი მას მიუახლოვდა და მოესმა ხმა:
    -ნუ გეშინია, მე ვარ შენი ანგელოზი, შობისთანავე უფლისგან შენს დასაცავად დადგენილი და მუდმივად შენთან ერთად დავდივარ. ამჯერად ღვთისგან ნაბრძანები მაქვს, უდაბნოში წაგიყვანო. იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ.
    ანგელოზი ღირს ონოფრეს წინ გაუძღვა. საკმაო მანძილი რომ გაიარეს, წმიდანმა ჩინებული გამოქვაბული დაინახა და ანგელოზის ნათელი სხივიც გაუჩინარდა.
    უდაბნოში განმარტოების პირველი წლები მრავალი განსაცდელით იყო აღსავსე: დღისით ღირს ონოფრეს თაკარა მზე წვავდა, ღამით კი ყინვისგან ითოშებოდა. იგი უდაბნოს მცენარეებით იკვებებოდა, წყურვილს კი ნამით იკლავდა. ღმერთმა თავის ერთგულ შვილს ღვაწლში განმტკიცების შემდეგ ანგელოზი გამოუგზავნა, რომელსაც მასთან პური და წყალი მოჰქონდა. უფლის ანგელოზი მას 30 წელი კვებავდა; ამის შემდეგ მის გამოქვაბულთან ამოვიდა ფინიკის ხე ტკბილი ნაყოფით და აღმოცენდა წყარო ცივი წყლით. ღირს ონოფრეს ანგელოზი იესო ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და სისხლს აზიარებდა.
    -არა მარტო ჩემთან მოდის ანგელოზი ღვთაებრივი ზიარებით, - განუცხადა წმიდა მეუდაბნოემ ღირს პაფნუტის, - არამედ სხვებთანაც, რომლებიც ღვთის გულისათვის უდაბნოში ცხოვრობენ და ადამიანის სახეს ვერ ხედავენ. ანგელოზის ხელებიდან ზიარება მათ გამოუთქმელი მხიარულებით აღავსებს. თუ რომელიმე მათგანი ადამიანის ხილვას ისურვებს, ანგელოზს ზეცად აჰყავს, რათა წმინდანები იხილოს და განიხაროს; მაშინ ის ადამიანი სულით ნათლდება და ხარობს, რომ ღირს იქმნა ზეციურ მშვენიერებათა ხილვისა და უდაბნოში გაწეულ ყველა შრომას ივიწყებს. თავის ადგილზე დაბრუნების შემდეგ კი უფრო გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს და ესავს, საუკუნოდ დაიმკვიდროს ის, რისი ხილვის ღირსიც გახდა ზეცაში
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები