თემა: მშვიდობა


შემრიგებელი.

ღვთისმოსავი მეუდაბნოე გარკვეული დროით ერთ სკიტში მივიდა და თავისუფალი სენაკი რომ ვერ ნახა, არ იცოდა, სად გაეთია ღამე. მეორე ბერმა, რომელსაც ცარიელი ქოხი ჰქონდა, იგი მოსულს დაუთმო. თავდაპირველად მოსაგრეები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ, როგორც ქრისტესმიერი ძმები; მაგრამ მალე მათი სიყვარული დაირღვა.
    როდესაც შეიტყვეს, რაოდენ დამრიგებლობითი იყო მოსულის საუბარი, მრავალმა ადამიანმა დაიწყო მასთან მისვლა და მიჰქონდათ, ვისაც რა ჰქონდა. ბერს, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა, შეშურდა მისი და თავისთვის თქვა:
    -უკვე რამდენი ხანია, აქ ვცხოვრობ, ვლოცულობ და ვმარხულობ, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი მოუტანია; ეს კი სულ რამდენიმე დღეა, მოვიდა და ყველა მასთან მოდის კურთხევის სათხოვნელად.
    შემდეგ მან დრტვინვა დაიწყო და ბერზე ავს ამბობდა. ბოლოს კი იქამდე მივიდა, რომ თავისი მოწაფე გაგზავნა და დააბარა, რომ მისი სენაკიდან წასულიყო. ღვთივსათნო მორჩილი მივიდა და იმის ნაცვლად, რომ დანაბარები გადაეცა, თაყვანი სცა და უთხრა:
    -ჩემმა მოძღვარმა დამავალა გამერკვია, ხომ კარგად გრძნობთ თავს?
    -გადაეცი შენს მოძღვარს, - უპასუხა სტუმარმა, - რომ ჩემთვის უფლის წინაშე ილოცოს, ცოტა შეუძლოდ ვარ.
    ახალგაზრდა თავის წინამძღვართან დაბრუნდა და სულ სხვა რამ უთხრა - თითქოს ბერმა სხვა სენაკი იპოვნა და მალე წავიდოდა.
    გავიდა რამდენიმე დღე. ბერმა კვლავ გაგზავნა მორჩილი, რათა მოსულისთვის ეთქვა, რომ თუ სენაკიდან არ წავიდოდა, თვითონ მივიდოდა და კვერთხით გააგდებდა... და რა გააკეთა ამის საწინააღმდეგოდ მორჩილმა?
    -მამაო, - უთხრა მან მოსულს, - ჩემმა მოძღვარმა შეიტყო შენი ავადმყოფობის შესახებ და სანახავად გამომგზავნა.
    -უთხარი შენს მოძღვარს, - უპასუხა სტუმარმა, - რომ მისი ლოცვით გამოვჯანმრთელდი.
    ახალგაზრდა დაბრუნდა წინამძღვართან და უთხრა, თითქოს სტუმარი ნებას ითხოვდა, მის სენაკში კიდევ ერთი კვირა დარჩენილიყო.
    გავიდა ერთი კვირა... ბერმა მოთმინება დაკარგა, აიღო ყავარჯენი და მოსულის გასაგდებად გაემართა. ახალგაზრდა მორჩილმა დაასწრო მას, მიირბინა მოსაგრესთან და უთხრა, რომ წინამძღვარი ვახშამზე მის დასაპატიჟებლად მოდიოდა... როდესაც ეს მოისმინა, მოსული ბერის შესახვედრად გამოვიდა, თაყვანი სცა მას და უთხრა:
    -შენთან მოვდივარ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო! ნუ შეწუხდები ჩემთან მოსასვლელად.
    მისი მოკრძალებით გაოცებულმა ბერმა ყავარჯენი მიწაზე დააგდო და ემთხვია მას. შემდეგ თავის სენაკში წაიყვანა და შეძლებისდაგვარად გაუმასპინძლდა.
    სტუმრის გაცილების შემდეგ ბერმა ახალგაზრდას ჰკითხა, ეუბნებოდა თუ არა მოსულს იმას, რასაც აბარებდა.
    -არა! - უპასუხა ახალგაზრდამ.
    ამის გამგონე ბერმა სულითა და გულით გაიხარა და როდესაც მიხვდა, რო მისი მრისხანება ეშმაკის შურით იყო გამოწვდილი, ახალგაზრდა მორჩილს ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:
    -ამიერიდან შენ ჩემი მამა ხარ, მე კი - შენი მოწაფე, რამეთუ მხოლოდ შენმა საქციელმა იხსნა ორივე ჩვენგანის სული.
    აი, სასწავლებელი მაგალითი მათთვის, ვისაც ერთი ადგილიდან მეორეზე ამბის მიტანა უყვართ! ქრისტიანენო! თუ ორ, ერთმანეთში მოჩხუბარ ადამიანს ნახავთ, ყველა საშუალება იხმარეთ მათ შესარიგებლად; ამ მაცხოვნებელი საქმით დაღუპვისგან იხსნით გზააბნეულებსაც და თვითონაც კეთილი საქმით სათნოებას მოიხვეჭთ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები