თემა: მირქმა,  ღმრთისმშობელი,  უფალი იესო ქრისტე,  სასწაულები


სვიმეონ ღვთისმიმრქმელი.

წმიდა წერილის მოწმობით, ბერი სვიმეონი მართალი და ღვთისმოშიში, სულიწმიდის მადლით განათლებულ ადამიანი იყო.
    ეგვიპტის მეფე პტოლომეოსმა, ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკის დამაარსებელმა ბრძანა, მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა წიგნები ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ეთარგმნათ. ამისთვის ისრაელთაგან ამორჩეულ იქნა სამოცდაათი ბრძენი და ორივე ენაში კარგად განსწავლული მამა. მათ შორის იყო მართალი სიმეონიც.
    როდესაც ისაიას წიგნზე მუშაობდა და მიაღწია წინასწარმეტყველებას: "ეჰა, ქალწული დაორსულდეს და შვას ძე...“ იგი დაეჭვდა, შეჩერდა და თავისთვის განსჯიდა: როგორ შეუძლია ქალწულს, შვას ძე? შემდეგ აიღო დანა და სურდა ხელნაწერში ჩაესწორებინა... უეცრად უფლის ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა:
    -ერწმუნე დაწერილს; შენ თვითონ გახდები უდიდეს საიდუმლოებათა მოწმე; რამეთუ არ იხილავ სიკვდილს, სანამ არ მიირქვამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან შობილ იესო ქრისტეს.
    ანგელოზის სიტყვებში დარწმუნებულმა სვიმეონმა იმ დღიდან გულანთებულმა დაუწყო ლოდინი ქრისტეს მოსვლას: ცხოვრობდა მართლად და უმწიკვლოდ, ეკლესიიდან არ გამოდიოდა და ღვთის წინაშე ლოცულობდა.
    როდესაც შობის შემდეგ მეორმოცე დღეს დედა ღვთისმშობელმა მაცხოვარი ტაძრად მიიყვანა, მაშინ წმიდანს ზეციდან ეუწყა, რომ ეს ყრმა ხორცშესხმული მესია იყო, მისი დედა კი - ყოვლადწმიდა ქალწული (რომელზეც აღსრულდა ისაიას წინასწარმეტყველება), ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით მიირქვა თავის მკლავებში უფალი და წამოიძახა:
    "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით; რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი..."
    და ჰმადლობდა უფალს, რომელმაც ნუგეში მისცა ისრაელს და ზეცას მიაბარა სული.
    მივბაძოთ წმიდა სვიმეონის ცხოვრებასა და რწმენას; მაშინ ამქვეყნადვე გავხდებით ღირსნი, მივიღოთ არა მკლავებში, არამედ ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე; სიკვდილის შემდეგ კი "აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვყოფობდით" (1 თეს. 4, 17)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები