ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიკვდილის ხსოვნა
ასევე არ გამოვტოვებ და ბერი ევსუქის ამბავსაც გიამბობთ. იგი ქოზიფის მთებში ცხოვრობდა. თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და ერთი საათის განმავლობაში მიცვალებულივით იწვა. როცა გონს მოვიდა, ყველას გვევედრა, განვშორებოდით და თავის სენაკის კარი შიგნიდან ჩარაზა. ამის შემდეგ თორმეტ წელს ისე იცხოვრა, რომ არავისათვის არც ერთი დიდი თუ მცირე სიტყვა არ უთქვამს და არც პურისა და წყლის გარდა მიუღია რამე. არამედ დახშულ სენაკში მჯდომარე, როგორც ღვთის წინაშე ძრწოდა და გოდებდა იმის გამო, რაც გრძნობადაკარგულმა იხილა. მას არასოდეს შეუცვლია ცხოვრების წესი, მაგრამ ყოველთვის სინანულის მხურვალე ცრემლს ღვრიდა. როცა სიკვდილი მოუახლოვდა, კარი შევამტვრიეთ და სენაკში შევედით. დიდხანს ვევედრეთ, მაგრამ არ გვპასუხობდა, ბოლოს მხოლოდ ეს სიტყვა გავიგონეთ - შემინდეთ, ვინც სიკვდილის ხსოვნა მოიხვეჭა, მას ცოდვის ქმნა აღარ შეუძლია. ჩვენ განვცვიფრდით, როდესაც ვნახეთ, რომ ამ დაუდევარ ადამიანში ასეთი ნეტარი ცვლილება და ფერიცვალება მომხდარიყო. ის სასაფლაოზე, გალავნის ახლოს დავკრძალეთ, გარკვეული დროის შემდეგ ვეძებდით მის წმიდა ძვლებს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. უფალმა ამგვარად დაამოწმა ევსუქის გულითადი და საქებარი სინანული და ჩვენ გვამცნო, რომ ღმეთი შეიწყნარებს მას, ვისაც ხანგრძლივი დაუდევრობის შემდეგ გამოსწორება სურს.