ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: ზრახვები
16. ამ საუკუნის (სააქაოს) გულისზრახვები უფალმა გადასცა კეთილ მწყემსს, ადამიანს, როგორც ცხვრები. დაწერილია, რომ მისცა მან ყოველ ადამიანს გულისზრახვა მის გულში (შდრ. ებრ. 10.16), თანაშეაუღლა რა მასთან გულისთქმა და მრისხანება მისვე შესაწევნელად, რომ ადამიანს, ერთი მხრივ, მრისხანების გზით უკუექცია „მგელთა“ გულისზრახვები, მეორე მხრივ კი, გულისთქმის გზით, შეეტკბო მას „ცხვრები“ (ე.ი. კეთილი გულისზრახვები), ამ „ცხვართა“ გამო მრავალგზის წვიმებით, ქარებით გვემულს. ამასთან, მისცა ადამიანს უფალმა რჯულიც, თუ როგორ უნდა დაემწყსო ცხვრები, ისევე როგორც, მიუბოძა აგრეთვე „მწვანილოვანი ადგილი“ და „ მოსვენების წყალი“ (ფს.22.2), საფსალმუნე და ებანი (სიმებიანი მუსიკალური საკრავები), კვერთხი და არგანი, რომ მას ამგვარი მწყემსობის შედეგად „საზრდო“ მოეპოვებინა, „შემოსილიყო“ და „შეეგროვებინა მთის ბალახი“ (იგავ.27.25), რადგან „ვინ იქნება ისეთი, – ამბობს მოციქული, – ვინც დამწყემსავს სამწყსოს და მისი რძისგან არ შეჭამს?“ (I კორ. 9.7). სწორედ ამიტომ, განშორებული მოღვაწე მოვალეა დღე და ღამ დაიცვას ხსენებული სამწყსო, რათა არ მოხდეს ისე, რომ რომელიმე ცხვარი ან მხეცებმა შეიპყრონ ან ყაჩაღბს ჩაუვარდეთ ხელში, ხოლო თუ ამგვარი რამ მაინც შეემთხვევა მას სადმე ზეგანში, მიტაცებული დაუყოვნებლივ უნდა გამოსტაცოს პირიდან ლომსა და დათვს (I მფ. 17.34.35).
მხეცთაგან მაშინ ხდება გულისზრახვა შეპყრობილი – ვთქვათ, გულისზრახვა ძმის შესახებ – თუ ეს გულისზრახვა სიძულვილით იმწყსება ჩვენში, ანდა – გულისზრახვა ქალის შესახებ, თუ იგი სასირხვილო გულისთქმით მიმოიქცევა ჩვენში, ანთუ – ვერცხლისა და ოქროს შესახებ, თუ იგი ანგარებითად იმკვიდრებს ჩვენში ადგილს, ან კიდევ – გულისზრახვანი თვით წმინდა საბოძვართა შესახებ, თუ ისინი ცუდმედიდობით ძოვენ ჩვენს გონებაში. ასევე შეგვემთხვევა სხვა გულისზრახვებთან დაკავშირებითაც, თუკი ისინი ვნებათაგან იქნებიან წარტაცებულნი. არა მხოლოდ დღის განმავლობაში გვმართებს ამათი გუშაგობა, არამედ ღამითაც უნდა ვმღვიძარებდეთ მათ დასაცავად, რადგან ხდება ისე, რომ ურცხვ და უკეთურ ზმანებებში გართული ადამიანი ჰკარგავს თავისას. სწორედ ეს ითქვა წმინდა იაკობისგან: „არ მომირთმევია შენთვის მხეცებისგან დაკბილული ცხვარი. მე თვით ვზღავდი ნაქურდალს დღისას და ნაქურდალს ღამისას, და ვიყავი გათანგული დღის მხურვალებით და ღამის ყინვით, და გაშორდა ძილი ჩემს თვალებს“ (შესაქ. 31.39–40). თუკი რამ მოწყინება მოგვეახლება დაქანცულობის გამო, მცირედით ავირბინოთ ცოდნის კლდეზე და საფსალმუნეს შექცეულებმა, ცოდნის სათნოებათა მიერ ჩამოვკრათ სიმებს, ხოლო სინაის მთის ძირას კვლავ დავმწყსოთ ცხვრები, რომ ჩვენი მამების ღმერთმა ჩვენც გვიხმოს „მაყვლოვანიდან“ (გამოსვ. 3.1–4) და მოგვმადლოს ჩვენ სასწაულთა და ნიშთა „სიტყვები“ (იგულისხმება სასწაულთა და ნიშთა შესახებ მაუწყებელი ის სიტყვები, რაც ღმერთმა უთხრა მოსეს).