ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: მრისხანება
15. არ ძალმიძს მე ეშმაკთა ყველა ბოროტმოქმედების აღწერა. მრცხვენია კიდეც მათეულ უკეთურმანქანებათა ჩამოთვლა, ვეკრძალვი რა წამკითხველთაგან უწრფელესთ; თუმცა ისმინე სიძვის სულის მზაკვრობანი:
როდესაც კი ვინმე მოიპოვებს გულისთქმითი ნაწილის უვნებობას და სამარცხვინო გულისზრახვები გაცივდება მასში, ზემოხსენებულ სულს სწორედ მაშინ შემოჰყავს კაცნი და ქალნი, ურთიერთშორის მოთამაშენი, და ამ სასირცხვილო საქმეთა და სახეთა მხედველად განაწესებს იგი განშორებულს, თუმცა კი ეს განსაცდელი ხანიერი როდია, რადგან ძლიერი ლოცვა და უკიდურესად შეზღუდული ცხოვრების წესი, მღვიძარებითურთ და სულიერ მჭვრეტელობებში გაწვრთნის გზით, განდევნის მას როგორც უწყლო ღრუბელს (ესაა იშვიათი სახე–სიმბოლო, რაც მკვეთრად მიანიშნებს ღირსეული მოღვაწის წინაშე ეშმაკეულ შემოტევათა უმდგრადობას, ზმანებითობას). ზოგჯერ ისე ხდება, ხორცთანაც მოდის შეხებაში ეს უკეთური, მიმართავს რა მას პირუტყვული განხურვებისკენ, და კიდევ სხვა მრავალს მზაკვრობს მისდამი, რომელთა საჯაროდ თქმა და წერილობით გადმოცემა აუცილებელი არ არის. ამგვარ გულისზრახვათა დასაძლევად შემწეობას გაგვიწევს რისხვის ამოდუღება, ზემორე ეშმაკის წინააღმდეგ აღძრული, რომელსაც ამ რისხვისა განსაკუთრებით ეშინია, ხსენებულ გულისზრახვათა მიზეზით რომ ჯანყდება და მის ჩანაფიქრებს რომ ანადგურებს. აი, ამას ნიშნავს სიტყვები: „მრისხანებდეთ და ნუ სცოდავთ“ (ფს. 4.5), რითაც განსაცდელთა ჟამს სასარგებლო წამალი ეძლევა სულს.
ზემოხსენებულ ეშმაკს ჰბაძავს აგრეთვე ეშმაკი მრისხანებისა, რომელიც იმგვარად წმასნის, თითქოს მოღვაწის ან მშობელი ან მეგობარი ანთუ ნათესავი იგვემებოდეს ვიღაც უღირსი ადამიანებისგან. ამ გზით აღძრავს იგი მეუდაბნოის მრისხანებას, რათა ამ უკანასკნელმა უკეთური რამ თქვას ან იმოქმედოს იმათ მიმართ, გონებაში რომ ეზმანა. ასეთ წარმოსახვებს აუცილებლად სიფრთხილით უნდა მოეპყროს მოღვაწე და სწრაფადვე გამოიტაცოს თავისი გონება ამგვარ ზმანებათაგან, რათა ამ უკანასკნელმა უკეთური რამ თქვას ან იმოქმედოს იმათ მიმართ, გონებაში რომ ეზმანა. ასეთ წარმოსახვებს აუცილებლად სიფრთხილით უნდა მოეპყროს მოღვაწე და სწრაფადვე გამოიტაცოს თავისი გონება ამგვარ ზმანებათაგან, რათა არ დაიხანოს მათში და ლოცვის ჟამს აგიზგიზებულ მუგუზლად არ გადაიქცეს. ხსენებულ განსაცდელებში განსაკუთრებით ვარდებიან გულფიცხი და გრძნობათშემოტევათა მიმართ (აქ ნიშნავს არა ზოგადად „მისწრაფებას“, „სწრაფვას“ და მისთ., არამედ „ემოციურ განცდას“, „მძაფრ სულიერ მღელვარებას“) ადვილად აღგზნებადი ადამიანები, რომლებიც შორს არიან განწმენდილი ლოცვისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნისგან.