ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: სულიერი დაცემა
19. უწმინდურ ეშმაკთაგან ნაწილი ადამიანს, როგორც ადამიანს, აცთუნებს, ნაწილი კი ადამიანს, როგორც უტყვ ცხოველს, აშფოთებს, როდესაც პირველნი მოიწევიან, ცუდმედიდობის, ამპარტავნების, შურისა თუ გმობის აზრებს შთაგვიგდებენ ჩვენ, რასაც არცერთ პირუტყვთან არა აქვს კავშირი. მაგრამ როდესაც მეორენი მოგვეახლებიან, აღძრავენ ჩვენში არაბუნებისულ რისხვასა და გულისთქმას, ესენი კი ჩვენი და პირუტყვთა საერთო ვნებებია, დაფარულნი ჩვენში მოაზროვნე ბუნების მიერ. ამიტომ აბობს სულიწმინდა, ერთი მხრივ, ადამიანებისადმი, როგორც ადამიანებისადმი, შემთხვეულ ვნებათა მიმართ, რომ: „მე ვთქვი, ღმერთები ხართ და უზენაესის ძეები ყველანი, თქვენ კი კვდებით როგორც ადამიანები და ეცემით როგორც ერთი მთავართაგანი“ (ფს. 81.6). მაგრამ პირუტყვულად აღძრულთა მიმართ რას ამბობს იგი? „ნუ ხართ როგორც ცხენი და ჯორი, რომლებთანაც არ არის გონება. ლაგამითა და აღვირით მოთრგუნე იმათი ყბები, რომლებიც არ გიახლოვდებიან შენ“ (ფს. 31.9). ამასთან, რადგან კვდება საკუთრივ ის სული, რომელიც სცოდავს (შდრ. ეზეკ. 18.4), აშკარაა, რომ, ერთი მხრივ, ადამიანები, როგორც ადამიანები, კვდებიან და ადამიანებისგან იმარხებიან, მეორე მხრივ კი პირუტყვები, მოკვდინებულნი ან დაცემულნი, ძერებისგან და ყორნებისგან შეიჭმებიან, რომელთა ბარტყებისგან ერთნი, – ყორნებისა –, „უფალს უხმობენ“ (შდრ. ფს. 146.9), მეორენი კი, _ ძერებისა, _, „სისხლით იბღალებიან“ (იობ. 39.30). ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს.