ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: ვერცხლისმოყვარება
21. რადგან ზოგი უწმინდური გულისზრახვა სწრაფად უკუიქცევა, გამოვიძიოთ მიზეზი, თუ რისგან გამომდინარე უნდა მომხდარიყო ეს. კერძოდ, ხომ არა – იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში იშვიათია თვით მოვლენა და მის გამო ძნელადმოსაპოვებელია გულისზრახვის საგანი, ან კიდევ – იმიტომ, რომ ნიშანდობლივია ჩვენთვის უვნებობა და ამის გამო ვერ იმძლავრა ჩვენზე მტერმა? მაგალითისათვის, თუ ვინმე განდეგილთაგანი წარმოიდგენს, რომ ქალაქის სულიერი გამგებლობა არწმუნეს სწორედ მას, ცხადია არ გაიხანგრძლივებს იგი ამ გულისზრახვის ზმანებას და უკუმიაქცევს მას ზემოთქმულთაგან პირველი მიზეზის შესაბამისად (ე.ი მოცემულ შემთხვევაში უკეთური (ამპარტავნებითი გულისზრახვა უკუიქცევა იმიტომ, რომ დაუჯერებელი წარმოსახვაა და შესაძლებელ ფიქრად არავინ შერაცხავს მას. ამგვარი უკუქცევა გულისზრახვისა ფაქტობრივად არანაირად არ უკავშირდება განდეგილის მხრიდან რაიმე ღვაწლს), მაგრამ თუ ვინმეს მსგავსი ფიქრი ექნება უმნიშვნელო ქალაქთან დაკავშირებით (ე.ი. როდესაც ვინმეს გაუელვებს თუმცა ამბიციური, მაგრამ რეალურად განხორციელებადი ფიქრი, როდესაც იგი ფიქრობს ისეთ პატივზე, გარკვეულ ძალაუფლებაზე, რაც სავსებით მიღწევადია), ის კი მაინც ზემორეს მსგავსად განსჯის (ე.ი. როგორც ზემორემ განირიდა პატივმოყვარეობის გულისზრახვა, თუმცა განირიდა კი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გულისზრახვის საგანი აშკარად მიუღწეველი იყო და ამიტომაც არ არის აქ ღვაწლი, ასევე განირიდებს იმავე გულისზრახვას ეს უკანასკნელიც, თუმცა აქ უკვე ღვაწლისმიერი განრიდებაა, რადგან ამჯერად ადვილად შეიძლებოდა ზმანებულის განხორციელება ანუ აღმოცენებული პატივმოყვარული სურვილის დაკმაყოფილება), ამგვარი ვინმე უვნებობის ნეტარებაში ჰგიეს. მსგავსადვე, სხვა ადვილგანსაგდებელ გულისზრახვებთან დაკავშირებითაც იგივე მიზეზი წარმოჩნდება და გამოიძიება. ამ ყოველივეს ცოდნა აუცილებელია ჩვენთვის, შესაბამისად ჩვენი წადიერებისა და ძალისა, რათა ვიხილოთ, გადალახული გვაქვს თუ არა იორდანე და ფინიკების ახლოს ვართ უკვე, თუ კვლავაც უდაბნოში ვიმყოფებით და უცხოთესლთაგან ვიგვემებით. ავიღოთ, მაგალითად, ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი, რომელიც მეტად მრავალსახოვანი მეჩვენება და შეცდენაშიც ფრიად დახელოვნებული. ეს ეშმაკი, უკიდურესი განდეგილობის შედეგად ხშირად მოთრგუნული, დაუყოვნებლივ იღებს მეურვისა და გლახაკთმოყვარის სახეს, ნამდვილ მასპინძლობას უწევს არარსებულ სტუმრებს, სხვებს კი, ნაკლულევანთ, შორიდან უგზავნის შესაწევნელს, მოინახულებს, აგრეთვე, ქალაქის საპყრობილეებს, ვითომცდა გამოსასყიდ თანხას დებს მათთვის, შთააგონებს მდიდარ ქალებს, რომ მის კვალს მიჰყვნენ, სხვებს კი, რომლებსაც ფართო ქისა აქვთ, განდეგილობას ურჩევს. აი, ასე მცირე–მცირედ აცთუნებს იგი სულს, ვერცლისმოყვარეობის გულისზრახვებით შემოიცავს მას და გადააბარებს შემდეგ ცუდმედიდობის ეშმაკს, ეს უკანასკნელი კი შემოუძღვება სიმრავლეს იმ ადამიანებისას, რომლებიც ზემოხსენებული ქველმოქმედების შედეგად გახდნენ უფლის მადიდებელნი, და მავანთ აიძულებს, რომ ხსენებული განდეგილის მღვდლობაზეც თქვან რამდენიმე სიტყვა ურთიერთშორის, ამასთან, წინასწარ მისნობს რა იგი ნამდვილი მღვდლის სიკვდილს, არწმუნებს ხსენებულ განდეგილს, რომ თითქოსდა ვერ აირიდებს იგი ამ მოვალეობას, რაც უნდა ბევრი ეცადოს. აი ასე, ზემორე გულისზრახვებით შებოჭილი უბადრუკი გონება, ერთი მხრივ, უკვე დაპირისპირებას იწყებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ არიან მისი მომხრენი, მეორე მხრივ კი თავის მომხრეებს წადიერად მიჰმადლებს ძღვენს და კეთილგონიერების გამო აქებს მათ, ამასთან მოწინააღმდეგეებს მსაჯულთ გადასცემს და ბრძანებს, რომ ქალაქიდან გააძევონ ისინი. როდესაც, მაშ, ეს გულისზრახვები აგრერიგად მკვიდრობენ და მიმოიქცევიან მასში, მყისვე წარმოდგება ამპარტავნების ეშმაკი, რომელიც კელინის სივრცეში ზედიზედ მიავლენს ელვას და ფრთიან ვეშაპებს, ბოლოს კი იმასაც იზამს, რომ გონებას წაართმევს მას. მაგრამ ჩვენ ამ გულისზრახვათა მოსპობისთვის მლოცველნი, მადლიერებით ვიყოთ სიღარიბეში მცხოვრებნი, „რადგან არაფერი შემოგვიტანია ამ სოფელში და ცხადია, არც რაიმეს წაღება ძალგვიძს, ხოლო გვაქვს რა საზრდო და შესამოსელი, ამით დავკმაოფილდეთ“ (I ტიმ. 6.7–8) და გვახსოვდეს პავლესი, რომელიც ამბობს, რომ ყველა ბოროტების ძირი ვერცხლისმოყვარეობაა (I ტიმ. 6.10)