თემა: სულიერი ბრძოლა

20. როდესაც დაგჭრის მოახლებული მტერი, შენ კი გწადია, რომ მისი მახვილი, წერილისამებრ, მისივე გულისკენ მიაქციო (ფს.36.15), გააკეთე ისე, როგორც ვამბობთ: დაანაწევრე შენს თავში მტრისგან ნატყორცნი გულისზრახვა, – კერძოდ, თუ რას წარმოადგენს იგი საერთოდ, რაოდენგვარ მიზეზთაგან შემტკიცებულა და რა არის სახელდობრ ის, რაც განსაკუთრებით ტანჯავს გონებას. რასაც ახლა გეუბნები, შემდეგს ნიშნავს: ვთქვათ, ეშმაკისგან გამოიგზავნა ვერცხლისმოყვარეობის გულისზრახვა. დაანაწევრე შენ იგი, ერთი მხრივ, „მის მიმღებ გონებად“, მეორე მხრივ „ოქროს ცნებად“ (ე.ი. აზრი, შეხედულება ოქროს შესახებ, თუ რა არის ოქრო, ისევე როგორც, ვთვათ, რა არის მიწა, წყალი და მისთ.), მესამე მხრივ თავად „ოქროდ“ და მეოთხე მხრივ, „ვერცხლისმოყვარეობის ვნებად“. ბოლოს იკითხე: რომელია ამათგან ცოდვა? ნუთუ გონება? მაგრამ როგორღაა იგი ხატი ღვთისა? იქნებ ოქროს ცნება? მაგრამ საღად მოაზროვნეთაგან ვინ იტყვის ოდესმე ამას? იქნებ თვით ოქროა ცოდვა? მაშ, რაღატომ შეიქმნა იგი? ამრიგად, გამოდის, რომ ცოდვის მიზეზი მეოთხეა, რაც არ არის არც არსობრივად თვითმდგომი მოვლენა (ე.ი. თავისთავად სუბსტანციურად არსებული სინამდვილე), არცთუ მოვლენის ცნება (ე.ი. აზრი მოვლენის შესახებ, მოვლენის შეფასება, განსაზღვრება), არამედ კაცთმოძულე რამ სიამეთმოსურნეობა, შობილი თვითუფლებრივობისგან (თავისუფალი არჩევანისაგან) და მაიძულებელი გონებისა, რომ ამ უკანასკნელმა ბოროტად მოიხმაროს ღვთის ქმნილებანი. სწორედ ამ სიამეთმოსურნეობის მოკვეთაქს განასაზღვრებს ღვთის რჯული. როდესაც ამ ყოველივეს გამოიწვლილავ, ერთი მხრივ, განქარდება ხსენებული გულისზრახვა, რადგან განჭვრეტილი ხდება მისი რაობა, მეორე მხრივ კი უკუიქცევა შენგან ეშმაკი, რადგან შენი გონება ამ ცოდნის წყალობით მაღლა აიზიდება. მაგრამ თუ არ გსურს, რომ ხსენებული ეშმაკის წინააღმდეგ გამოიყენო მისივე მახვილი და თუ იმას ესწრაფვი, რომ უპირველესად შენივე შურდულით განგმირო იგი, ამოაგდე, მაშ, შენც ქვა შენი სამწყემსო აბგიდან (ქვის ამოგდება აბგიდან მიზნად ისახავს „შურდულით ამ ქვის სროლას ეშმაკისადმი, რაც თავის მხრივ ნიშნავს უკეთური გულისზრახვების და ამ ზრახვათა მტყორცნელის დამარცხებას მოვლენათა სიღრმისეული ცოდნის გზით) დ ეძიე ახსნა იმისა, თუ როგორ ხდება, რომ ანგელოზები და ეშმაკები შემოდიან ჩვენს სამყაროში, ჩვენ კი მათ სამყაროებში (იგულისხმება ერთი მხრივ , ანგელოზთა სამკვიდრო, ზეცა, მეორე მრივ კი – ეშმაკთა სამყოფელი , ქვესკნელი) ვერ შევდივართ, რადგანაც არც ის ძალგვიძს, რომ ანგლოზები უფრო მეტად შევაერთოთ ღმერთს, არცთუ იმის არჩევანი გვაქვს, რომ ეშმაკები უფრო უწმინდურები გავხადოთ; ასევე, როგორ უნდა აიხსნას, რომ „მთიები, განთიადისას ამომავალი, მიწაზე დაეკვეთა“ (ეს. 14.12), და „რაცხს იგი ზღვას როგორც სანელსაცხებლეს, ხოლო უფსკრულის ტარტაროზს – როგორც ტყვეს, აღადუღებს კი უფსკრულს როგორც სპილენძის ქვაბს“ (იობ. 41.22–23), რომელიც ყველას აძრწუნებს თავისი ბოროტებით და რომელსაც ყოველთა ბატონობა სწადია. აი, ამ მოვლენების განჭვრეტა ფრიად განეწონება ეშმაკს და უკუაქცევს მთელ მის ბანაკს. მაგრამ ამას მხოლოდ ისინი ახერხებენ, რომლებიდ მცირედით მაინც განიწმინდნენ და გარკვეულწილად ჭვრეტენ კიდეც მოვლენათა მიზეზებს, მაშინ როცა განუწმენდელნი უმეცარნი არიან ამ მოვლენათა საზრისისა და თუნდაც სხვათაგან ისწავლონ უკეთურთა განდევნა, მათსას მაინც არავინ შეისმენს, რადგან შერკინების ჟამს მეტისმეტი მტვერი და არეულობა წარმოიქმნება ვნებათა გამო. მართლაც, უთუოდ საჭიროა, რომ უცხოტომთა ბანაკი გაუნძრევლად იდგეს, რათა მხოლოდ „გოლიათი“ გამოვიდეს ჩვენეული „დავითის“ წინააღმდეგ (I მფ. 17). აი ასე, ყველა სხვა უწმინდური გულისზრახვის წინააღმდეგაც იგივე დანაწევრება და ბრძოლის იგივე სახე–სიმბოლო უნდა გამოვიყენოთ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები