ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონების დაცვა
144. მაგრამ თუ ჩვენი გონება გამოუცდელია მღვიძარების საქმეში, იგი მყისვე თანაშეეზავება მისდამი, რა გინდა რა სახით, ვნებადად წარმოსახულს და თანაგაეზრახება მას, მიიღებს რა მისგან უღირს შეკითხვებს და მიაგებს რა პასუხს. სწორედ მაშინ მოხდება ჩვენეულ გულისზრახვათა შეზავება ეშმაკეულ წარმოსახვასთან, რაც კიდევ და კიდევ გაიზრდება და გამრავლდება, რომ საწადელი, მშვენიერი და საამური წარმოუჩნდეს მისდამი მიტკბობილ და მისკენ წარტაცებულ გონებას. ასეთ დროს გონება იმასვე განიცდის, რასაც ის გულუბრყვილო ცხვრები, რომლებიც მათგან დანახულ ძაღლს, – იმავე დაბლობ რამ ადგილას გამოჩენილს, სადაც არიან თვით ეს ცხვრები, – ხშირხშირად მიაშურებენ როგორც საკუთარ დედას, თუმცა კი ძაღლთან სიახლოვით ვერას ირგებენ, თუ არა ოდენ იმას, რომ იწილხვედრებენ უწმინდურებას ამ ძაღლისას და მის სიმყრალეს. დიახ, ჩვენეული გულისზრახვებიც ამგვარადვე განუსჯელად ეშურებიან გონებაში შემოსულ ყველა ეშმაკეულ წარმოსახვას და, როგორც ვთქვი, მათთან ხდებიან შეზავებულნი, რის შედეგადაც უკვე მათთანვე ერთად წარმოჩნდებიან განმზრახველნი იმისა, რომ აგამემნონისა და მენელაოსის მსგავსად დაამხონ „ილიოპოლისი“ (ოლიმპიოსი – იგივე ილიონი ანუ ტროა, რომლის დანგრევაშიც, პომეროსის „ილიადის“ მიხედვით, მონაწილეობდნენ აგამემნონი და მენელაოსი). მართლაც, სწორედ მათებრ, ესენიც ერთად განიზრახავენ, თუ რა უნდა იყოს საჭირო, რომ სხეულის მიერ საქმედ აქციონ ეშმაკეული კვეთების მაცთუნებლობით მათთვის ტკბილად და საამურად წარმოჩენილი, და ასე, შემდეგ და შემდეგ, შინაგანად შემზადდება სულის დაცემანი, მომდევნოდ კი, როგორც წესი, გარეგანადაც გამოეცემა ის, რაც შინაგანად იყო გულში.