ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონების დაცვა
171. გონების დაცვა მისადაგებულად და სახელის შესაფერისად იწოდება „სინათლისმშობლად“, „ელვისმშობლად“, სინათლისმტყორცნელად“ და „ცეცხლშემოსილად“, რადგან, თუ ჭეშმარიტს ვიტყვი, აღემატება იგი აურაცხელ და მრავალ სხეულებრივ სათნოებას. სწორედ ამის გამო გვმართებს, რომ ღირსეული სახელებით ვუწოდოთ ამ სათნოებას მისგან წარმოქმნილ ცისკროვან სინათლეთა კვალობაზე, რომლის მოტრფიალეებს, - აქმდე ცოდვილებს, უსარგებლოებს, უწმინდურებს, უმეცრებს, უგულისხმოებს და უსამართლოებს, – ძალუძთ, რომ გახდნენ, – იესო ქრისტეს მიერ, – სამართლიანნი, სასარგებლონი, განწმენდილნი, წმინდანნი და გულიხსმისმყოფელნი, და არა მხოლოდ ეს, არამედ - ისიც, რომ საიდუმლონი ჭვრიტონ და იღვთისმეტყველონ; და ასე, მჭვრეტელნი ხდებიან რა, ამ უანკარესი და უსასრულო სინათლისკენ გადაცურავენ, ეხებიან კიდეც მას გამოუთქმელი შეხებებით და მასთან ერთად სახლდებიან და ცხოვრობენ (ეს მონაკვეთი, ისევე როგორც მთელი აღნიშნული შეგონება, მართლმადიდებლური მისტიკის ერთი უდიდეს ნიმუშთაგანია, სადაც უეჭველად გადმოცემულია პირადი განცდა ღვთის საიდუმლოებითი ჭვრეტისა, ამქვეყნიური წარმავალი სინამდვილიდან სულიერი და გონითი „გადაცურვა“ საღვთო წიაღის, საღვთო ზღვის მარადიული, განუზომელი სისავსისკენ, იქ „დასახლება“ და „ცხოვრება“ ანუ „მოქალაქეობა“), ვინაიდან „გასინჯეს, რომ ტკბილია უფალი“ (შდრ. ფს. 33.9), თვალნათლივ სრულდება რა ამგვარ „პირველმაცნეთა“ (იგულისხმება იმგვარი მოღვაწე, რომელიც სულიერი ჭვრეტით ზეცამდე ამაღლდა და წინდაწინ გვაუწყა საღვთო საიდუმლონი) მიმართ საღვთო დავითის სიტყვები: „არამედ მართალნი აღსარებას ეტყვიან შენს სახელს და წრფელნი შენს პირისახესთან ერთად დასახლდებიან“ (ფს. 139.14), ვინაიდან უთუოდ სწორედ ესენი არიან, – დიახ, უთუოდ მხოლოდ ესენი, – ჭეშმარიტად რომ მოუხმობენ და აღსარებას ეუბნებიან ღმერთს, რომელთან გაზრახებაც უყვართ მათ, მარადჟამს მის მოყვარულებს.