
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დედაკაცი
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა. რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდნილ იყო ესრეთსა ვნებასა შინა. გარნა ყოვლად წმიდამან ღვთისმშობელმან მოითმინა. რისთვის? ანუ როგორ? მისთვის, რომელ ჰქონდა მას რწმენა, იცოდა განგებულება ღვთისა; ესრეთ იყო თქმული წინასწარმეტყველაგან და ესრეთ აღსრულდა. შენც ესრეთ მოიქეცი, ოდეს ძე შენი საყვარელი, ანუ სხვა ვინმე ნათესავი ანუ თვითონ შენც შთავარდე ჭირსა და უბედურებასა შინა. მოითმინე სულგრძელად; იფიქრე და დარწმუნდი, რომელ ყოველივე, რაიცა შეგემთხვა, ღვთისგან არის; განგებულება ღვთისა არა დაუტევებს არცა ერთსა კაცსა.