ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: დედაკაცი, სიბოროტე
167. როგორია ბოროტი დედაკაცი?
არანიარი მხეცი არ არის ამქვეყნად მსგავსი ბოროტი დედაკაცისა. რომელი ცხოველია ლომზე უბოროტესი ოთხფეხთა შორის? – მხოლოდ ბოროტი დედაკაცია უბოროტესი მასზე. სოლომონ ბრძენი მემოწმება, რომელიც ამბობს: უმჯობესია ლომთან და ვეშაპთან ცხოვრება, ვიდრე ბოროტ დედაკაცთან... დანიელი მღვიმეში ლომებმა დაინდეს, ხოლო მართალი ნებოთე იეზაბელმა მოკლა. ვეშაპმა იონა მუცელში ცოცხლად დაიმარხა, ხოლო დალილმა სამსონს თმები შეაჭრა და ამგვარად, უცხო თესლს მისცა იგი. უხსენებლები, ურჩხულები და მორიელები უდაბნოში იოანეს გამო ძრწოდნენ, ხოლო ჰეროდიადამ მას პურობისას თავი მოჰკვეთა... ილია წინასწარმეტყველს, რომელმაც ენით ითხოვა მთელი ქვეყნისთვის წვიმის მოცემა, რომელმაც სიტყვით გარდამოიყვანა ზეციდან ცეცხლი, რომელმაც მკვდარნი აღადგინა, შეეშინდა დედაკაცისა. ჰე, შეეშინდა, რადგანაც ვერარა ბოროტება ვერ მივა ქალის ბოროტებასთან! დედაკაცის გამო ადამი სამოთხიდან გამოიდევნა, დედაკაცის გამო მხნე იოსები საპყრობილეში შევარდა. მე ვიცი, რომ შხამიანი გველი – ასპიტი ტკბილი სიტყვით თვინიერდება და ვეფხვიცა და ლომიც ნებივრობით მშვიდდება, ხოლო დედაკაცს თუ აგინე, ბორგვას დაიწყებს, ტკბილად თუ მოუწოდე, აღზვავდება, თუ ქმარი ჰყავს, დღე და ღამ ენით განგმირავს მას, მზაკვარებით სასიკვდილო ხმალს ალესავს, როგორც ჰეროდეს უყო ჰეროდიადამ. თუ ქმარი ღარიბი და უპოვარი იქნება, გულისწყრომითა და ჩხუბით ძალას წაართმევს მას. გაიხსენეთ, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ და წარსაწყმედად იობი ცოლმა.... ამიტომ მიხვდი, რომ სწორად თქვა სიბრძნემ: "არ არსებობს თავი უფრო შხამიანი, ვიდრე თავი უხსენებელისა და არ არსებობს გულისწყრომა უფრო დიდი, ვიდრე გულისწყრომა დედაკაცისა" (ზირ. 25, 15–19)