ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: სული
სული რომ იღვიძებს, ჩვენს გულში ღმრთისა და სულიერი სამყაროს არსებობს მოწმობაც იღვიძებს. რით განსხვავდება მორწმუნე ადამიანი ურწმუნოსგან? - ურწმუნო გამოთიშულია ღმრთისგან, სულიერი სამყაროსგან. მას მხოლოდ იმის აღქმა შეუძლია, რასაც მისი გრძნობის ორგანოები აწვდიან. მორწმუნე ადამიანი თავის გულში გრძნობს ღმერთს, სულით აცნობიერებს მარადისობას, სულიერი სამყაროს არსებობას. ადამიანის გულის ეს შინაგანი ცოდნა შეუღლებულია განსაკუთრებულ გრძნობასთან, მშვიდობისა და სიხარულის იმ გრძნობასთან, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანს. ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი უფრო უძლიერდება. შეუძლებელია რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მისცეს. ჩვენს თავს რომ ვკითხოთ - როდის ვიყავით ცხოვრებაში ყველაზე უფრო ბედნიერები? - შეგვიძლია ვთქვათ: მაშინ, როცა მეტად გულმოდგინედ ვლოცულობდით, განსაკუთრებით - სასწაულმოქმედი ხატებისა და სიწმიდეების წინაშე. მაშინ იღვიძებდა ჩვენი სული და თითქოს მკვდრეთით ვდგებოდით. ჩვენს წინაშე იშლებოდა სხვა სამყარო და სულის სიღრმეში არამიწიერ სიხარულს ვგრძნობდით, რაც ჩვენს მიერ განცდილ არცერთ გრძნობას არ ჰგავდა