ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღმრთისმშობელი
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი. კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქადაგა და გავრცელდა ქვეყანაზედ და ყოველნი ქრისტიანენი, ვითარცა ერთს გამოუთქმელსა ბედნიერებასა, ეძიებდნენ ღვთისმშობლის ნახვასა და თაყვანისცემასა, ერთი სიტყვით მთელი თვისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივითა სიწმიდითა, კრძალვითა, მორიდებითა და სიმდაბლითა. ყოველი ქრისტიანე ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა.