ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სახარების კითხვა
მრავალთა ილოცეს, და რაჟამს მიენდვნეს თვისსა ცნობასა და გულისხმის-ყოფასა და ჰგონებდეს იგინი ბრძენ თავთა თვისთა, და განცოფნეს და ვერ გულისხმა-ყვნეს წერილნი და მთხრებლსა გმობისასა შთაცვივეს და წარწყმდეს. აწ უკუეთუ ჰპოვო შენ წიგნთა შინა სიტყუაი რაიმე, ვერ გულისხმის-საყოფელი, ეკრძალე, რაითა არა გასწაოს შენ ეშმაკმან და თავით თვისით სთარგმანო იგი და სთქუა, ვითარმედ: ესე არს ძალი სიტყვისაი ამის და სხუებრ არა ეგების ესე თქუმად. ეკრძალე თავსა შენსა, რაითა არა ესევითარსა რასმე თავით თვისით ხელი შეჰყო, არამედ უკუეთუ გრწამს ღმერთი, სიტყუათა მისთაი გრწმენინ მართლითა სარწმუნოებითა და არქუ ეშმაკსა მას, რომელი სიტყუასა მარადის თარგმნიდეს: მართლუკუნ იქეც, ეშმაკო, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ სიტყუანი ღმრთისანი უბიწო არიან ვითარცა ვეცხლი გამოხურვებული, გამოცდილი მის წილ შვიდ წილად, და არარაი არს მათ შინა გულარძნილი და არცა ქცეული, არამედ ყოველნი მართალ და წმიდა არიან მათთვის, რომელნი გულისხმა-ჰყოფენ, და ჭეშმარიტ არიან მათთვის, რომელნი სწავლულებასა მეცნიერ არიან, ხოლო მე არა მეცნიერ ვარ და არცა უწყი, არამედ ესე ხოლო, ვითარმედ ყოველნი წერილნი ღმრთისანი სრულ არიან. და მოციქული პავლე იტყვის, ვითარმედ: "სჯული სულიერ არს" (რომ. 7,14). და კუალად აღიხილენ ზეცად და თქუ: უფალო, მე მწამს სიტყუაი შენი და არა გამოვიწულილავ, არამედ მინდობილ ვარ მე სულისა მიერ წმიდისა თქუმულთა: "აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე" (ფსალმ. 3,7), რაითა ვპოვო მე მადლი წინაშე შენსა, რამეთუ არარაი ვარ , არამედ მიხსენ მე, რაითა ვპოვო წყალობაი შენი, ჰოი მოწყალეო, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი უკუნითი უკუნისამდე