ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სახარების კითხვა
როგორ ვზრუანვთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის. სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის. რამდენ თქვენგანს მიუმართავს მოძღვრისათვის რჩევის მისაღებად, თუ როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები! თქვენ იტყვით, რომ ახლა ნაკლებობაა სასულიერო ლიტერატურისა და აღარც გამოცდილი სულიერი მამები არიან, მაგრამ შინ ხომ ყოველ თქვენგანს აქვს მთავარი წიგნი – სახარება (ვისაც არა გაქვთ, ეს ხომ თქვენივე დაუდევრობის ნიშანია, ვინაიდან ახლა ურწმუნონიც კი ცდილობენ შინ იქონიონ ბიბლია). ეს წიგნი ამომწურავ პასუხს შეიცავს ყველა კითხვაზე. განა ხშირად კითხულობთ მას? ჩვენ ხომ წმინდა წერილს მთელი წლის მანძილზე ხელს არ ვახლებთ. ეკლესიაში ყოველი წირვის დროს გთავაზობენ საცხონებელ საკითხავს, უსმენთ განა სასოებითა და ყურადღებით? არა! ჩვენ ამ მომენტს ლოცვაში ერთგვარ შესვენებად ვთვლით და დროს ვატარებთ საუბარში, რითაც ხელს ვუშლით იმათ, ვინც ყურს უგდებს ამ საკითხავს. ვისწრაფვით გავასწოროთ სანთლები, ანდა სულაც გარეგნულად სათნოებაშემოსილი ვდგავართ, მაგრამ ჩვენი ფიქრი ვინ იცის, სად დაქრის.