image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

ჰოი მშვენიერო სათნოებათა შორის, გვითხარ და გვაუწყე, სად აძოვებ შენს ცხვრებს, ან სად იმყოფები; განგვანათლე ჩვენ, დაგვარწყულე ჩვენ, გვიწინამძღვრე ჩვენ; რადგანაც ჩვენ შენთან მოსვლა გვწყურია. შენ ყოველივეზე ბატონობ; შენ დააწყლულე სული ჩემი და ჩემს გულს შენი ცეცხლის ალის დათმენა არ ძალუძს; ამგვარად გიგალობ შენ: "შენ უფლებ ძალთა ზედა ზღვისათა და ოხრა ღელვათა მისთა შენ დააწყნარო" და დაამშვიდო; "შენ დაამდაბლო ვითარცა წყლული" ამპარტავანი ზრახვები და "ძლიერებითა მკლავითა შენისათა განიბნინენ მტერნი შენნი", ხოლო შენს მოყვარებს დაუმარცხებლად აქცევ.
    კიბის თავზე იაკობმა რაგვარად გიხილა შენ?! მინდა ვიცოდე, რანაირი იყო ეს ამაღლება კიბის საფეხურებზე? რას წარმოადგენს თავად სახე კიბისა და მისი საფეხურები? ან - ეს "აღსლვაი", რომელიც "გულსა შინა თვისსა დაიდვა" შენი მშვენიერების ერთმა მოტრფიალემ? ან რამდენია რიცხვი მათი? - მინდა გავიგო. რამდენი დრო ჭირდება ამ ზეაღსვლას? მან, ვინც გიხილა შენ და გებრძოდა შენ - შენმა შენმა მოყვარულმა იაკობმა, მხოლოდ ერთი რამ გვაუწყა, რომ ამ კიბეზე წინამძღვარნი ანგელოზები არიან.
    და ამ დროს იმ სათნოებათა მეუფემ ზეციდან ჩემსკენ გადმოიხედა და ჩემი სულის ყურს ჩასჩურჩულა: ჰოი, მოყვარულო ჩემო, ვიდრე მაგ მძიმე და უხეში ხორცისაგან არ დაიხსნები, ვერ შეძლებ, შეიცნო სილამაზე ჩემი - თუ რაგვარია ის. დაე, იაკობის მიერ ხილულმა კიბემ გასწავლოს, თუ როგორ შეადგინო სათნოებათა კიბის სულიერი საფეხურები, რომლის თავზეც მე ვარ დამყარებული, როგორც ამას ჩემი დიდი მესაიდუმლოე იტყვის: "ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოება სასოება და სიყვარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყვარული არს" (1 კორ. 13,13)
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები