image

თემა: ხატი

636. წმიდა ხატების თაყვანისცემისას ვის მივაგებთ პატივს?
რადგანაც ყველამ არ იცის წერა–კითხვა და არ შეუძლია საღმრთო წერილი წაიკითხოს, ამიტომ წმ. მამებმა კეთილად განსაჯეს, რომ ყველა ეს საქმე და ვნება უფლისა, მსგავსად ზოგიერთი სასახელო საქმისა, ხატებზე ყოფილიყო გამოსახული მათი შეხსენებისათვის. უეჭველია, რომ ხშირად ჩვენ არც კი ვფიქრობთ ხოლმე უფლის ვნებაზე, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებას, უმალ გვახსენდება მისი მაცხოვნებელი ტანჯვა და მუხლს მოვიყრით რა მის წინაშე, თაყვანს ვცემთ არა რაღაც ნივთს, არამედ ამ ნივთზე გამოსახულს, ისევე, როგორც სახარებისა და ჯვარის შემთხვევაში ჩვენ ქაღალდსა თუ ხეს კი არ ვეთაყვანებით, არამედ იმას, რაც დაუწერიათ ამ ქაღალდზე და რაც შეუქმნიათ ამ ხით. რამეთუ, განა რით განსხვავდება უფლის გამოსახულებიანი ჯვარი (ჯვარცმა) ისეთი ჯვარისაგან, რომელზეც არ არის იგი გამოსახული?! იგივე უნდა ითქვას ღვთისმშობლისა და მისი გამოსახულების შესახებაც, რამეთუ ის პატივი, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მივაგებთ, მისგან განკაცებულს მიეგება. ასევე, წმიდა მამათა ღვაწლნიც მხნეობას განაღვიძებენ ჩვენში, რწმენას განგვიმტკიცებენ და ძალას შთაგვიბერავენ, რათა უშიშრად მივბაძოთ მათ სათნოებას და ამით ღმერთი განვადიდოთ, რამეთუ, როგორც უკვე ვთქვით, თანამოსაგრეთაგან ყველაზე გულმოდგინეთათვის მიგებული პატივით ჩვენ განვამტკიცებთ სიყვარულს ჩვენი საერთო მეუფისადმი და ის პატივიც, რომელსაც წმიდა ხატს მივაგებთ, მის პირველსახეს მიეგება, ანუ იმას, ვინც არის გამოსახული ამ ხატზე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები