image
image
20
21
22
23
24
image
image
Loading..
ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: "რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია". ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინაარსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია.
არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ. მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება.
image
image თემა: მოწყალება
ავტორი: ილია II
წყარო:
მთელი ბოროტება უძლური რწმენისაგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირველი საუკუნეები! ღვთისადმი სიყვარული მაშინ იმდენად მხურვალე იყო, რომ ტერტულიანეს ცნობით, მრავალი ქრისტიანი საკუთარი ნებით ბარდებოდა სარწმუნოების მდევნელთ და ზოგჯერ ჯალათებიც კი არ ყოფნიდათ მათ დასახოცად. მოყვასისადმი სიყვარულიც ისეთი მხურვალე იყო, რომ როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი მოგვითხრობს, ქრისტიანები არა მარტო თავიანთ ქონებას მთლიანად გასცემდნენ, რათა მოწყალება გაეღოთ, არამედ საკუთარ თავსაც კი მონად ჰყიდდნენ, რათა როგორმე დახმარებოდნენ
საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები...
ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა.
ღმერთმა მოგვმადლოს იგი.
image
image თემა: მოწყალება
ავტორი: ილია II
წყარო:
როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მოწყალებას მისცემს, ის ღმერთს ავასხებსო; მაცხოვარი გვეტყვის, რომ, ვინც ერთ ჭიქა გრილ წყალს დაალევინებს მწყურვალე კაცს, არ დაჰკარგავს მისს სასყიდელს. გარნა, თუ შენ მოწყალებას აღასრულებ მარტო იმ აზრით, რომ ღმერთი მაგიერს მომცემსო, და არა ღვთის და მოყვასის სიყვარულით, მაშინ შენი მოქმედება უფრო დაემსგავსება ვაჭრობას; იგი დაჰკარგავს ნამდვილ ქრისტიანულ ხასიათს, და მიიღებს სახეს და ხასიათს კათოლიკეებისას და ერთის მხრით მაჰმადიანთა, რომელნიც კეთილ საქმეს ისე ანგარიშობენ, როგორც ვაჭარი ფულის თავანს და სარგებელს.
სულიერი მოწყალების ერთი სახეა გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს: „უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი“ (იაკ. 5.20) ჩვენ, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, უფლება არა გვაქვს გულგრილად, გაღიზიანებით მოვექცეთ ცოდვაში ჩაფლულ უბედურებს. მანკიერება საყვედურებით კი არ აღმოიფხვრება, არამედ უდიდესი მოთმინებით, სიბრალულით, ანდა თუნდაც მდუმარე თანაგრძნობით. ამ უბედურთა მთავარი დახმარება არის მათთვის ლოცვა, არა ერთჯერადი ამოხვნეშა, არამედ მუდმივი ლოცვა ცრემლითა და იმის რწმენით, რომ რაც ჩვენთვის, კაცთათვის შეუძლებელია, შესაძლებელია ღმრთისათვის.
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ უწყალონი, თუმცა, უეჭველია, იგინი სხვათაცა მრავალთა ცოდვათა იქმოდნენ თავიანთ სიცოცხლეში. რაი არს მიზეზი ამისა? ეს მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ მოწყალება არის ნაყოფი, ცხად მყოფელი ყოველთა სხვათა სათნოებათა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. მზგავსადვე უწყალოება არის ნიშანი და ბეჭედი ყოველთა სხვათა ცოდვათა.
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მაინც უყავ. თუ ფულით, ანუ ნივთით არ შეგიძლიან მოწყალება, სიტყვით მაინც უყავ მოწყალება, ესე იგი შეწუხებულს კაცს ნუგეში ეც, უგუნური და უჭკუო კაცი დაარიგე და მოაქციე. იქნება შენ მართლა საწყალი და ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ იქმნება გყავს ცოლი, შვილები; იქმნება გყვანან უმცროსნი ძმანი. თუ გსურს აღასურლო ეს მცნება, ამათთან იყავ წყნარი, მშვიდი, მოწყალე; თუ არ გახსოვს ეს მცნება და ცუდი ხასიათი გაქვს, მაშინ შენ უთუოდ ამათთან იქმნები უწყალო; ესე იგი, ცუდად მოეპყრობი მათ, გაუჯავრდები, აგინებ, სცემ. მოკლედ ვსთქვათ, ყოველ კაცს შეუძლიან ეს მცნება აღასრულოს, ან დაარღვიოს.
image
image
20
21
22
23
24
image
image