თემა: განკითხვა,  სასწაულები


იმის შესახებ, თუ რა მძიმე ცოდვაა განკითხვა.

ერთხელ იოანე სებაითელი უდაბნოში იჯდა და ღვთივსათნო საქმეებზე ფიქრობდა. უეცრად მასთან რომელიღაც სავანიდან ბერი მივიდა, რათა მოენახულებინა მოსაგრე და მისგან კურთხევა მიეღო.
    -როგორ ცხოვრობენ შენი ძმები? - ჰკითხა იოანემ.
    -კარგად, შენი ლოცვა-კურთხევით, - უპასუხა მოსაგრემ.
    -როგორ ცხოვრობს ერთი ასეთი კაბოსანი? - კვლავ ჰკითხა მას ღვთივსათნო მოღვაწემ ერთი ბერის შესახებ, რომლის შესახებაც ცუდი ხმები დადიოდა.
    -იგი ოდნავადაც არ შეცვლილა, - უპასუხა სტუმარმა.
    -ვაი მას! - წამოიძახა იოანემ და ამ სიტყვებით რაღაც საოცარი ხილვებით იქნა გარემოცული: მან იხილა საკუთარი თავი გოლგოთის წინ, ხედავდა ორ ავაზაკს შორის ჯვარცმულ იესო ქრისტეს; იოანემ მოისურვა, თაყვანი ეცა მაცხოვრისთვის, მაგრამ ძლივს მოასწრო მიახლოებოდა, რომ უეცრად იესო მიუბრუნდა იქ მყოფ ანგელოზებს და მიმართა: „გააძევეთ იგი! მან ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა თავისი ძმა“. როდესაც გამოძევებული იოანე კარში გამორბოდა, მისი მოსასხამი იმდენად ძლიერად დაება, რომ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იგი.
    ამ დროს იოანე გამოფხიზლდა და ათრთოლებულმა ოხვრით უთხრა სტუმარს:
    -საშინელია ჩემთვის ეს დღე!
    -რატომ? - ჰკითხა ბერმა.
    მაშინ წმიდა იოანემ უამბო მას თავისი ხილვის შესახებ და დაამატა:
    -მანტიის დატოვება იმას ნიშნავს, რომ მე ძმის განკითხვისთვის ღვთის მფარველობა და მადლი დავკარგე.
    იმ დღიდან წმიდა იოანე 7 წლის განმავლობაში ლოცულობდა უდაბნოში ღვთის წინაშე, პურს არ იხმევდა, არ შედიოდა სენაკში, არ ელაპარაკებოდა ადამიანებს. ბოლოს კვლავ სასწაულებრივი ხილვით განჭვრიტა, რომ უფალმა დაუბრუნა მას თავისი მოსასხამი; ამის შემდეგ იგი მიხვდა, რომ გათავისუფლდა განკითხვის მძიმე ცოდვისგან.
    „არა განიკითხოთ, რათა არა განიკითხნეთ“, - ბრძანებს მაცხოვარი. მეტად მნიშვნელოვანია ეს სიტყვები, რამეთუ ვინც მოყვასს განიკითხავს, ის თითქოსდა ართმევს ამის უფლებას ზეციურ მსაჯულს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები