წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უსაფუძვლოდ ჰგონია, რომ ავად არის?
წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უსაფუძვლოდ ჰგონია, რომ ავად არის?
როგორ იტანჯებიან ამის მსგავსად ადამიანები წლების განმავლობაში, იმიტომ რომ საკუთარი აზრებისა სჯერათ და სხვებს არ უსმენენ. რაც არ უნდა უთხრა და გაუკეთო მათ, ყველაფერს უკუღმა განმარტავენ. ბოროტება ხომ არ ჩერდება იმაზე, რომ ადამიანეი ერთხელ დაიჯერებს საკუთარ აზრებს! ბოროტება მრავლდება და იზრდება. ადამიანი უფრო და უფრო განამტკიცებს თავის თავს საკუთარ მოსაზრებებისადმი ნდობას და ყოველივე მან იგი შესაძლოა, სულიერ აშლილობამდე მიიყვანოს. მაგალითად, ადამიანი აშენებს სახლს, - "ეს როგორ აშენებ, - ეუბნებიან მას, - ჩამოინგრევა და ნანგრევებში მოყვები". თუ იგი მშენებლობის დასაწყისშივე ყურად იღებს რჩევას, ახლადდაწყებული მშენებლობის შეჩერება და კვლავ დაწყება უფრო ადვილია, მაგრამ დამთავრებულ შენობაზე ხელის აღმართვა გაცილებით ძნელია. - "იცოდე, შეიძლება დაგიტანოს"! ეუბნებიან მას, თვითონაც ხედავს, რომ შენობა დიდხანს ვერ გაძლებს, აცნობიერებს საშიშროებას, მაგრამ ფიქრი იმაზე, თუ რამდენი ფული და შრომა დახარჯა ამ მშენებლობაზე, უფლებას არ აძლევს, დაარღვიოს იგი. ამგვარად, მას ვერ გადაუწყვეტია, საკუთარი ხელით შექმნილი მოსპოს და ბოლოსდაბოლოს თვითონ აღმოჩნდება ნანგრევების ქვეშ.
აბა, შეხედე თავმდაბალ ადამიანს: მას არ სჯერა საკუთარი ზრახვების, მაშინაც კი - სასწაული რომ მოიმოქმედოს. იორდანიაში იყო ერთი ძალიან უბრალო ღვთისმსახური, რომელიც სასწაულებს აღასრულებდა. იგი ლოცვას აღავლენდა ავადმყოფ ადამიანებსა და ცხოველებზე და ისინი განიკურნებოდნენ, მუსულმანებიც კი რამე რომ აწუხებდათ, მასთან მიდიოდნენ და ისინიც განკურნავდა მათ. საღმთო ლიტურგიის აღსრულების წინ ეს მღვდელი სვამდა რაიმე ცხელ სასმელს, ორცხობილას მიატანდა და მერე, მთელი დღის განმავლობაში აღარაფერს იღებდა. ხმა იმის შესახებ, რომ იგი ლიტურგიის წინ ჭამდა, პატრიარქამდე მივიდა და პატრიარქმა საპატრიარქოში მოიხმო იგი. მღვდელმა არ იცოდა რისთვის დაიბარეს, ის მივიდა საპატრიარქოში და სხვებთან ერთდ ელოდა მიღებას პატრიარქთან. ქუჩაში საშინელი სიცხე იყო, ფანჯრების დარაბები დახურული იყო და ჭუჭრუტანიდან მისაღებში მზის სხივი შემოდიოდა. მღვდელს მზის სხივი თოკი ეგონა და რადგან ოფლად იყო გაღვრილი, ანაფორა გაიხადა და მასზე ჩამოკიდა. ამის დანახვამ მისაღებში მასთან ერთად მყოფი ადამიანები განაცვიფრა, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქთან მივიდა და უთხრა - "მღვდელმა, რომელიც ლიტურგიამდე საუზმობს, თავისი შესამოსელი მზის სხივზე დაკიდა!" პატრიარქმა კაბინეტში მოიხმო იგი და გამოკითხვა დაუწყო: - "აბა, მიამბე, როგორ მიდის შენი ცხოვრება, ხშირად წირავ, როგორ ემზადები წირვისათვის"? ეს მღვდელი პასუხობს: - "აი, როგორ: ჯერ ცისკარს წავიკითხვ, რაიმე მსუბუქს შევჭამ და მსახურებაზე მივდივარ". - "რატომ ჭამ ლიტურგიის წინ"? ეკითხება პატრიარქი. ღვთისმსახური კი მიგებს: - "ლიტურგიამდე თუ ცოტას შევჭამ, წმიდა ძღვენის მიღების შემდეგ ქრისტე ზემოთ აღმოჩნდება, მაგრამ თუ წირვის მერე ვჭამ, მაშინ ქრისტე ქვემოთ იქნება:. აღმოჩნდა, რომ იგი ამგვარად ღვთისმოსაობის კარნახით იქცეოდა. ანუ - კეთილი განზრახვა აქვს. პატრიარქმა უთხრა: - "არა, ეს სწორი საქციელი არ არის, ჯერ წმიდა ძღვენი მიიღე და მერე ჭამე ცოტაოდენი". მღვდელმა მეტანია შეასრულა და მორჩილებით მიიღო ნათქვამი.
მინდოდა მეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მაღალი სულიერი მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასწაულებს აღასრულებდა, მან შენიშვნა უბრალოებით მიიღო, მასში არ იყო თვითნებობა, საკუთარ ზრახვებზე რომ ყოფილიყო მინდობილი, ასე იტყოდა: - "ეს ვინ არის, რომ მითითებებს მაძლევს მე - ადამიანს, რომელიც ადამიანებსა და პირუტყვს განვკურნავ და სასწაულებს აღვასრულებ! არა, ჩემი ქმედება გაცილებით მართებულია, ახლა რომ ამას მოვუსმინო, ვახშამი ხომ ზემოდან დააცვივდება ქრისტეს".
მე მივხდი, რომ მორჩილება ძალიან ეხმარება კაცს. თვით ის ადამიანიც კი, ვინც დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, მორჩილების საშუალებით, ბრძნად და ფილოსოფოსად გადაიქცევა. კაცი, ჭკვიანი იქნება ის თუ - სულელი, ჯანმრთელი თუ სნეული (სულიერად თუ ხორციელად), თუკი - ზრახვებისაგან გატანჯული - მორჩილებას გამოავლენს, იგი გათავისუფლდება ამ მტანჯველი ზრახვებისაგან. მორჩილება - ეს გათავისუფლებაა.
ყველაზე დიდი ეგოისტი ისაა, ვინც საკუთარი ზრახვების მიხედვით ცხოვრობს და არავის არაფერს ეკითხება. ასეთი ადამიანი თავს ინადგურებს. თუ კაცი თვითნებაა, თვითდარწმუნებული და თვითმაამებელი, რაც არ უნდა გონიერი და ჭკვიანი იყოს, ის გამუდმებით იტანჯება. დაბნეულია, თვითონვე იკრავს ხელ-ფეხს, სულ ახალი და ახალი პრობლემების ინაშე დგება, იმისათვის, რომ გზა იპოვოს, მან გული მოძღვარს უნდა გაუხსნას და სიმდაბლით ითხოვოს მისგან შემწეობა. მაგრამ ბევრი მოძღვრის მაგირ ფსიქიატრთან მიდის, თუ ფსიქიატრი მორწმუნე აღმოჩნდება, მაშინ მას მოძღვართან მიიყვანს, ურწმუნო კი იმით შემოიფარგლება, რომ რამენაირ აბებს მისცემს. თუმცა თავისთავად აბები პრობლემას ვერ გადაჭრის. იმისათვის, რომ ადამიანებმა სწორი დამოკიდებულება შეარჩიონ იმასთან დაკავშირებით, რაც მათ ემართებათ, იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აღარ დაიტანჯნონ, მათთვის სულიერი შეწევნა აუცილებელია.
|
|