თემა: მარხვა

ისევე როგორც თავდაპირველად, კვინობთა განაწესის შესახებ სიტყვის შეწყობისას, ამჯერადაც თქვენს ლოცვებს მინდობილნი შევუდექით ბოროტების რვა გულისზრახვის შესახებ წერას. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, ცუდმედიდობა და ამპარტავნება. უპირველესად მუცლის დაოკების შესახებ ვიტყვით, რითაც ვუპირისპირდებით ნაყროვანებას. კერძოდ, საუბარი გვექნება მარხვათა სახეობისა და საჭმელთა რაგვარობა–რაოდენობის შესახებ. ამ ყოველივეს ჩვენ თვითონ როდი ვამბობთ, არამედ – წმინდა მამებისგან რაც მიღებული გვაქვს, თუმცა მათ არც მარხვის ერთი კანონი, არც საჭმლის მიღების ერთი წესი, არცთუ ერთი და იგივე ზომა გადმოუციათ, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვაა ყველა ჩვენგანის შემძლეობა, ისევე როგორც ასაკი, უძლურება თუ უფრო ფაქიზი აღნაგობა სხეულისა; მიუხედავად ამისა, მათ ერთი მიზანდასახულობა გადმოგვცეს ყველას: გავერიდოთ დანაყრებულობას და უარვყოთ მუცლის სიმაძღრე. ხსენებულმა მამებმა უფრო სასარგებლოდ და განწმენდისათვის უფრო ხელშემწყობად მიიჩნიეს დღიური მარხვა, ვიდრე სამდღიანი, ოთხდღიანი და კიდევ შვიდეულამდე გახანგრძლივებული მარხვები, რადგან, ამბობენ, – ვინც უზომოდ ახანგრძლივებს მარხვას, ხშირად ზომაზე მეტად ეტანება შემდეგ საჭმელს, რის გამოც სხეული ზოგჯერ მეტისმეტი უჭმელობით მოუძლურდება და სულიერ მსახურებათა მიმართ უფრო მცონარე ხდება, ზოგჯერ კი იგი, საჭმელთა სიუხვით დამძიმებული, მოწყინებასა და მოშვებულობას შთაუნერგავს სულს. და კიდევ, ასეც ისაზრეს მათ, რომ ყველასთვის შესარგები არაა ბოსტნეულის მიღება, არცთუ პარკოსნებისა; ამასთან, ყველას არც შეუძლია ხმელი პურის ჭამა. თქვეს ისიც, რომ ზოგი ორი საწყაო (დაახ. 325 გრ) პურის ჭამის შემდეგაც კვლავ მშიერია, ზოგი კი, ერთ საწყაოს რომ შეჭამს ანდა ექვს უნციას (დაახ. 27 გრ), დანაყრებულია. როგორც აღვნიშნეთ, ერთი საზღვარი, რაც ყველას დაუდგინეს მათ, ესაა თავშეკავება, კერძოდ ის, რომ მუცლის სიმაძღემ არ შეგვაცდინოს (იგავ. 24.15), არ წარგვიტაცოს პირის გემომ, რადგან არათუ მარტოოდენ საჭმელთა სახეობის ნაირგვარობას, არამედ სიუხვის ოდენობასაც სჩვევია სიძვის ცეცხლოვანი ისრების ანთება. მართლაც, რა საჭმლითაც არ უნდა აივსოს მუცელი, გარყვნილების თესლს შობს იგი. ასევე, არა მხოლოდ ღვინისგან გაბრუებულობას სჩვევია გონების თრობა, არამედ წყლის სიჭარბეც და ყოველგვარი საჭმლის ზედმეტობაც გრძნობადაკარგულსა და მთვლემარეს ხდის მას. თუნდაც სოდომელებისთვის, არათუ ღვინითა და მრავალგვარი საჭმლით გაბრუებულობა გახდა დაღუპვის მიზეზი, არამედ პურის სიჭარბე, თანახმად წინასწარმეტველისა (ეზეკ. 16.49). ამასთან, არც სხეულის უძლურება უქმნის წინააღმდეგობას გულის განწმენდლობას, როდესაც ამგვარ სხეულს უძლურების მოთხოვნილებისამებრ ვაკმაყოფილებთ (თუმცა არა გემოთმოყვარეობის ნებასურვილისამებრ). საჭმელთა მოხმარება მისაღებია იმდენად, რამდენადაც ეს სიცოცხლისათვის არის საჭირო და არა იმდენად, რომ გულისთქმის ვნებებს ვემონებოდეთ. თანაშეზომილი და გონივრული მიღება საჭმლისა სხეულის სიმრთელესაც განაპირობებს და, ამასთან, არც მის სიწმინდეს აღხოცავს. მამათაგან გადმოცემული საზღვარი თავშეკავებისა და ზედმიწევნითი კანონი შემდეგია: რაიმე საჭმლის მიმღები მანამდე უნდა განეშოროს ჭამას, სანამ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს მას ნდომა, და ნუ დაელოდება იგი სიმაძღეს. როდესაც მოციქულმა თქვა: „ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით“ (რომ. 13.14), არათუ სიცოცხლისთვის აუცილებელი მზრუნველობა დააბრკოლა ამით, არამედ გემოთმოყვარეობითი გულმოდგინება აკრძალა. ასე რომ, სულის სრულ სიწმინდეს მხოლოდ საჭმელთაგან თავშეკავება როდი ხდის შესაძლებელს, არამედ სხვა სათნოებანიც უნდა თანხვდებოდნენ მას. მართლაც, თავმდაბლობა საქმისადმი მორჩილებისა და სხეულის დამაშვრალობის გზით დიდად შეგვეწევა ჩვენ. ასევე, ვერცხლისმოყვარეობისგან თავშეკავება, – ესე იგი არა მხოლოდ ფულის არქონა, არამედ მისი მოპოვების არნდომაც, – სულის სიწმინდისაკენ მიგიძღვის. თავშეკავება მრისხანებისგან, მწუხარებისგან, ცუდმედიდობისგან, ამპარტავნებისგან, – ყოველივე ეს სულის მთლიან სიწმინდეს მოგვიმუშაკებს, ხოლო გონებამრთელობის გზით სულის ნაწილობრივ სიწმინდეს გამორჩეულად წარმატებულ–ჰყოფს თავშეკავება და მარხვა, რადგან შეუძლებელია, რომ მუცელნაყროვანი გონებით შეებრძოლოს სიძვის სულს. ამიტომ, ჩვენი პირველი შერკინება მიმართული უნდა იყოს მუცლის პყრობისა და სხეულის დამონებისკენ, თუმცა არა მხოლოდ მარხვის მიერ, არამედ, აგრეთვე, მღვიძარების, შრომა–ჯაფის, კითხვის, გეჰენიის საშიშროების წინაშე გულის შემოკრების და ცათა სასუფევლისადმი გულისთქმის გზით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები