image

თემა: ენა,  ვნებები,  მარხვა,  სხეული

5. ძმამ კიდევ ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, რატომაა რომ ზოგიერთები სხეულს თავშეკავების ღვაწლით აუძლურებენ, მაგრამ მათზე ვნებები ბატონობენ, როგორიცაა: მრისხანება, მტრობა, სიძუნწე; ზოგიერთი სათნო ადამიანი კი ჭამს და ღვინოსაც სვამს, მაგრამ მათში არანაირი ცოდვა არ ჩანს. რას ნიშნავს ეს?

    ნეტარმა კი უთხრა: ფრიად მმარხველებს, მაგრამ გამოუსწორებლებს, როგორც მე ვფიქრობ, ჩემო შვილო, ეს საკუთარი ბაგეების გამო ემართებათ. რამეთუ ის, ვინც ყოველთვის არ იცავს თავის ბაგეებს, მთელი წელიც რომ იმარხულოს, არანაირ სარგებელს არ იღებს. ასე რომ, თუ ეშმაკი მრისხანებისთვის გაღიზიანებს, არაფერი არ თქვა და შენ გაიმარჯვებ ვნებაზე. თუ მტერი კვლავ შურისთვის აღგძრავს, ცილს ნუ დასწამებ და შენ დაამარცხებ ბოროტს. რამეთუ შურის ნაყოფი ცილისწამებაა. თუ მაცთუნებელი სიძვისათვის გახურვებს, ნუ გახსნი ბაგეებს ქალთან სასაუბროდ, ასევე ნუ დართავ საკუთარ თავს ზედმეტი ჭამა-სმის ნებას და შენ განმტკიცდები მასზე. ამასთანავე აიღე წკეპლა, საკუთარ თავს მოსცხე და ტკივილი განდევნის ბრძოლას; რამეთუ წერილში ნათქვამის თანახმად, შენთვის თუნდაც ერთი შენი ასოთაგანის წარწყმედა უმჯობესია, ვიდრე მთელი შენი სხეულის ცეცხლოვან გეენაში ჩაგდება (მათე 5, 29). თუ ეს ველური ღორი ძვირფასი საჭმელების სურვილს აღგიძრავს, მაშინ წადი გვერდზე გასასვლელ ადგილას და გაიგებ მათ სიმყრალეს. თუ ვინმე გისაყვედურებს და განგიკითხავს, ან უგუნურს გიწოდებს, შენ აზრები დაიმდაბლე და საკუთარი თავი, ვითარცა ცოდვილი განიკითხე. გაიხსენე, რომ ქრისტეს, ძე ღვთისას, ცოდვილებმა აფურთხეს, აგინეს, თავში კვერთხი ურტყეს და ამიტომ საკუთარი თავი სიცოცხლის ღირსადაც არ მიიჩნიო. იმ სათნო მამების შესახებ კი, რომლებიც ჭამენ და სვამენ, როგორც ჩანს თავისუფლად, იცოდე, ისინი ბუნებით მამაცი მეომრები არიან. მათ ცოდვისმიერი ვნებები დათრგუნეს და, მიიღეს რა უვნებლობის ნიჭი, ახლა ბატონები და მბრძანებლები გახდნენ. მათ თავიდან თავშეკავებით დაიწყეს და ბოლოს, მოღვაწეობით იმ მიზანს მიაღწიეს, რომელიც სურდათ. თუმცა ამას ისინი ხშირად მხოლოდ ადამიანების წინაშე აკეთებენ, მარტოობაში კი - მდუმარებასა და თავშეკავებაში იღწვიან, ინაზღარურებენ რა სენაკში მარხვით იმას, რაც მცირედი ნებართვით, ადამიანების წინაშე მოაკლდათ.
    
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: